უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ვადაზე ადრე გადადგომის შემთხვევაში, ახალი კანდიდატურის წარდგენისა და არჩევის ვადები კონსტიტუციითა და კანონმდებლობით განსაზღვრული არ არის.
ამ კონტექსტში აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ მოქმედი კონსტიტუციით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტი, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, 10 წლის ვადით ირჩევს. ახალი რედაქციის კონსტიტუციის ძალაში შესვლის შემდეგ კი, პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის უფლებამოსილება აღარ ექნება - პარლამენტი უზენაესი სასამართლოს ახალ თავმჯდომარეს უზენაესი სასამართლოს წევრთაგან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით აირჩევს. ასევე ახალი კონსტიტუციით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ხელმძღვანელი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე არ იქნება.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, რომელმაც აღნიშნული თანამდებობა 2015 წელს 10-წლის ვადით დაიკავა, პირადი განცხადების საფუძველზე გადადგა. გვენეტაძე თანამდებობიდან გადადგომის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობას და საზღვარგარეთ რამდენიმეთვიანი მკურნალობის საჭიროებას ასახელებს.