საპრეზიდენტო არჩევნებში გიორგი მარგველაშვილის მონაწილეობა-არ მონაწილეობა არსებითად არაფერს ცვლის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ რადიო „პალიტრის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა. მისი თქმით, ის რომ მმართველი პარტია საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებას აჭიანურებს, ერთგვარი სტრატეგიაა, რაც გარკვეულწილად „ქართული ოცნებისთვის“ უკეთესია.
„ტაქტიკური თვალსაზრისით, რაც გვიან დასახელდება კანდიდატი, ჩვენთვის უკეთესია. როგორც კი შეიკრიბება პოლიტსაბჭო ან უმრავლესობა და გადაწყვეტილებას მივიღებთ, იმ დღესვე გახდება ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის, რადგან როდესაც გადაწყვეტილების მიღებაში ჩართულია 150–მდე ადამიანი, ამის შესახებ ლოგიკურად ვრცელდება ინფორმაცია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ჯერჯერობით ჩვენი გადაწყვეტილება არ იყოს გაცხადებული.
გიორგი მარგველაშვილის მონაწილეობა-არ მონაწილეოა საპრეზიდენტო არჩევნებში, არსებითად არაფერს ცვლის. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ იქნება ეს პირველი თუ მეორე ტური, ჩვენი კანდიდატი აუცილებლად გაიმარჯვებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.