NDI-ის კვლევამ დაადასტურა, რომ ფაქტობრივად, ლეგიტიმური პოლიტიკური ძალა, თუ პოლიტიკური ფიგურა პოლიტიკურ ელიტაში არ არსებობს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განუცხადა.
ის გამოეხმაურა „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ მიერ დღეს გამოქვეყნებულ კვლევას და აღნიშნა, რომ კვლევამ დაადასტურა ქართველი ამომრჩევლის პოზიცია, რომ ის ფაქტობრივად არჩევნების მიღმაა.
“მე ვფიქრობ, ამ კვლევამ დაადასტურა ის, რაც ისედაც ცხადი იყო - საშუალო სტატისტიკური ამომრჩეველი არჩევნების მიღმაა. ფაქტობრივად, ლეგიტიმური პოლიტიკური ძალა თუ პოლიტიკური ფიგურა პოლიტიკურ ელიტაში არ არსებობს და ეს მეტყველებს ზუსტად პოლიტიკური ელიტის ძალიან ღრმა კრიზისზე. ამომრჩეველი საბოლოო ჯამში, ასეთ ნეგატიურ ვითარებაში ან საერთოდ არ მიდის არჩევნებზე, ან წარმოადგენს ე.წ. სამობილიზაციო რესურსს, რომელიც მზად არის, ერთჯერადად „გაიყიდოს“. გაყიდვაში ვგულისხმობ, რომ რაღაცა სიკეთე მიიღოს. ის ფიქრობს, რომ არაფრის არ მჯერა, არავის არ გენდობით, გადაიხადეთ და მოგცემთ ხმას. გადახდაში ვგულისხმობ სხვადასხვა სიკეთის მიღებას. ამ ვითარებაში, ამ სამობილიზაციო რესურსის მოზიდვის მთავარი შანსი აქვს ხელისუფლებას, რადგან აღნიშნული სიკეთის მიცემის რესურსები არის ფაქტობრივად მონოპოლიზებული მის ხელში. ერთადერთი ფაქტორი, რამაც შეიძლება ხელისუფლებას ამ ელექტორატის მოზიდვაში ხელი შეუშალოს, ეს არის ზეპარტიული, არასდანდარტული პოლიტიკური ელიტის წრამომადგენელი, როგორადაც მოიაზრება ელისაშვილი, მარგველაშვილი და ა.შ. მხოლოდ ამ შემთხვევაში ექმნება საფრთხე ხელისუფლებას იმისა, რომ მეორე ტურის ინიცირება მოხდეს, მაგრამ თუ მარგველაშვილი ამ თემაში არ მონაწილეობს, რა თქმა უნდა ხელისუფლების შესაძლებლობები იზრდება, რადგან სამობილიზაციო რესურსს ალტერნატიული წასასვლელი უბრალოდ აღარ აქვს“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.
მისი თქმით, იმ სურათის ფონზე, რა კვლევაც დაიდო და იმ სურათით, რაც დღეს არსებობს, შეიძლება ითქვას, რომ ერთადერთი ფაქტორი, რამაც შეიძლება არჩევნების მეორე ტური განაპირობოს, ეს არის მხოლოდ ელისაშვილის ფაქტორი.
“მთავარი ბრძოლა იმასთან დაკავშირებით, იქნება თუ არა მეორე ტური, მიმდინარეობს სწორედ ამ სამობილიზაციო ელექტორატისთვის. სამობილიზაციო ელექტრორატი არის ხელისუფლების ლუკმა და ერთადერთი, ვინც საფრთხე შეიძლება შეუქმნას ხელისუფლებას, ეს არის ელისაშვილი. რამდენს მოახერხებს ელისაშვილი და იქნება თუ არა ეს კრიტიკული რაოდენობა მეორე ტურის ინიცირებისთვს, ამას უკვე საარჩევნო კამპანია და ის შეცდომები განსაზღვრავს, რასაც ხელისუფლება, ან ელისაშვილი დაუშვებენ“, - აღნიშნა ექსპერტმა.
გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ყველაფრის მიუხედავად, ვინც არ უნდა გახდეს პრეზიდენტი, მისი ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ დგას, რადგან ნატურალური მხარდამჭერი არც ერთ კანდიდატს არ ყავს იმდენი, რაც მათ მეტ-ნაკლებ ძალაუფლებას მიანიჭებდა.
ცნობისთვის, „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა, 32% აცხადებს, რომ ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, არ იცის, თუ რომელ კანდიდატს მისცემდა ხმას.
ამასთან, კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 15% აცხადებს, რომ არც ერთ კანდიდატს, 12% „ქართული ოცნების“ კანდიდატს დაუჭერდა მხარს, 10%-„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, 6% - გიორგი მარგველაშვილს, 6% - დავით ბაქრაძეს, 4% შალვა ნათელაშვილს, 7%- სხვა კანდიდატებს.