პროკურატურას სერიოზული რეაგირება მართებს, მაგრამ ამავე დროს, საზოგადოებაში არ უნდა გაჩნდეს განცდა, რომ ადგილი აქვს რაიმე ტიპის ანგარიშსწორებას ან გუნდის შიგნით დაკავშირებულ გარჩევებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა ოთარ კახიძემ პროკურატურაში ორი ყოფილი მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილისა და ზურაბ ალავიძის გამოკითხვის ფაქტის კომენტირებისას განუცხადა.
კახიძის თქმით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები საეჭვო ინტერესეთა კონფლიქტის ნიშნებით დაკავშირებული არიან სამინისტროს მაღალჩინოსნებთან. დეპუტატი ამბობს, რომ პროკურატურას აქამდე უნდა გადაედგა შესაბამისი ნაბიჯები და არ უნდა დაეწყო ლოდინი, როდის ჩამოიშორებდნენ გუნდიდან ამა თუ იმ წევრს.
“ეს არის ძალიან სერიოზული საკითხი. შეიძლება ადგილი ჰქონდეს უკანონო გარიგებებს, მათ შორის კორუფციულს. საკითხი ეხება მილიარდობით ლარს, რომელიც ჩვენი გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან იხარჯება. ამიტომ პროკურატურას მართებს სერიოზული რეაგირება ამ თემაზე, მართებს ობიექტური გამოძიება. ამავე დროს, ეს უნდა მოხდეს ისე, რომ საზოგადოებაში არ გაჩნდეს განცდა, რომ ადგილი აქვს რაიმე ტიპის ანგარიშსწორებას ან რაღაც გუნდის შიგნით დაკავშირებულ გარჩევებს“, - განუცხადა ჟურნალისტებს ოთარ კახიძემ.
პროკურატურის ინფორმაციით, ზურაბ ალავიძე და დიმიტრი ქუმსიშვილი გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ. როგორც მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება/გაფლანგვის ფაქტებზე.