რომან გოცირიძე: მიდის კუდიანებზე ნადირობა - რაც ხდება, არის პოლიტიკური შურისძიება

რომან გოცირიძე: მიდის კუდიანებზე ნადირობა - რაც ხდება, არის პოლიტიკური შურისძიება

ყოფილი მინისტრების ზურაბ ალავიძისა და დიმიტრი ქუმსიშვილის პროკურატურაში დაბარება სრულიად არ იყო მოულოდნელი - ჩვენ ვამბობდით, რომ დაიწყებოდა პოლიტიკური დევნა და რაც ხდება არის პოლიტიკური შურისძიება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ განუცხადა. 

გოცირიძის აზრით, გიორგი კვირიკაშვილის წინააღმდეგ დავალებაა მიცემული, რაც მისივე თქმით, სავარაუდოდ, იმით დასრულდება, რომ კვირიკაშვილსა და მასთან დაკავშირებულ პირებს პოლიტიკური აქტიურობა აეკრძალებათ. 

“არსებობს კვირიკაშვილის „შავი სია“. ამ ექვსი წლის განმავლობაში იმდენი კორუფციული ფაქტები იყო და არასდოს არანაირი რეაგირება არ ჰქონიათ. საკმარისი იყო გიორგი კვირიკაშვილს კარი გაეჯახუნებინა და ბიძინა ივანიშვილმა ოდნავი თუ ოდნავ მეტი ურჩობა არ აპატია. მიდის კუდიანებზე ნადირობა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაღაც დარღვევები არ იყო“, - განუცხადა ჟურნალისტებს რომან გოცირიძემ.

ამ კონტექტში დეპუტატმა აღნიშნა, რომ “რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო კორუფციის ბუდე იყო“. როგორც გოცირიძემ განაცხადა, ჯერ კიდევ ნოდარ ჯავახიშვილი ამბობდა, რომ აღნიშნულ სამინისტროში კორუფციის დასამარცხებლად მივიდა, “თუმცა გახდა მინისტრი და უწყებაში კორუფციის ჭაჭანებაც არ აღმოუჩენია“. 

“ეს მაშინ, როცა 25-მილიონი ევრო, რომელიც იმ დროს დაახლოებით 55-მილიონი ლარი იყო, ერთ დღეში გაქრა, როცა გზის მშენებლობისთვის უკრაინულ კომპანია “ალტკომს“ გადაურიცხეს და ეს კომპანია აორთქლდა. სისტემაში უამრავი კორუფციული ფაქტები არსებობდა და ახლა გაახსენდათ თურმე. ჭორებით გვსმენია, რომ კორუფციულ გარიგებებში ის ადამიანები მონაწილეობდნენ, რომელთა დანიშვნაში ალავიძეს მონაწილეობა არ მიუღია“, - აღნიშნა გოცირიძემ. 

პროკურატურის ინფორმაციით, ზურაბ ალავიძე და დიმიტრი ქუმსიშვილი გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ. როგორც მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება/გაფლანგვის ფაქტებზე.

“ხსენებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამოიკითხნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ზურაბ ალავიძე. საქმეზე გრძელდება გამოძიება და შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას“, - აცხადებენ პროკურატურაში.