ჩემი ინფორმაციით, გამოძიება ფაქტზე მიმდინარეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ გამოძიებას ფაქტი და მასში მონაწილე პირთა წრე ჯერ დადგენილი არ აქვს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა ორი ყოფილი მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილისა და ზურაბ ალავიძის პროკურატურის მიერ გამოკითხვასთან დაკავშირებით განუცხადა.
“მე როგორ ყოფილ უფლებადამცველს, გამიხარდება, თუ დანაშაული არ დადასტურდება, რადგან თუ ადამიანი ხარ, შეუძლებელია ვინმესთვის დანაშაულის დადასტურება გიხაროდეს. ვნახოთ, დაველოდოთ პროცესებს. გამოძიება ფაქტის გარშემო მიმდინარეობს და ალბათ პროკურატურა მოგვიანებით მოგვაწვდის ინფორმაციას“, - აღნიშნა ქუცნაშვილმა.
პროკურატურის ინფორმაციით, ზურაბ ალავიძე და დიმიტრი ქუმსიშვილი გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ. როგორც მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება/გაფლანგვის ფაქტებზე.
“ხსენებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამოიკითხნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ზურაბ ალავიძე. საქმეზე გრძელდება გამოძიება და შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას“, - აცხადებენ პროკურატურაში.