ყოფილი მინისტრების პროკურატურაში გამოკითხვაზე დაბარების ფაქტის პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირება არასწორი, არაკომპეტენტური და არაეთიკურია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა. მისი თქმით, პროკურატურის გამოკითხვა სახელმწიფო თანხების ხარჯვას უკავშირდება.
“ყველაზე დიდი მხარჯავი უწყება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინიტროა, რომელთა ყოფილი ხელმძღვანელების გამოკითხვა პროკურატურამ საჭიროდ ჩათვალა. არ ვიცი, რა იყო ამის წინაპირობა, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს პოლიტიკურად მოტივირებული ვერ იქნება, რადგან არსებობს ფაქტები და ეს ფაქტები შეიძლება იყოს უარყოფითი, შეიძლება იყოს დადებითი და შეიძლება - ნეიტრალური“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
პროკურატურის ინფორმაციით, ზურაბ ალავიძე და დიმიტრი ქუმსიშვილი გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ. როგორც მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება/გაფლანგვის ფაქტებზე.
“ხსენებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამოიკითხნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ზურაბ ალავიძე. საქმეზე გრძელდება გამოძიება და შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას“, - აცხადებენ პროკურატურაში.