სასჯელაღსრულების სისტემაში განხორციელებული რეფორმა „ქართული ოცნების” ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარია, – ამის შესახებ სამინისტროების გაერთიანების საკითხზე საუბრისას პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებთან” შეხვედრაზე განაცხადა.
„ყველას კარგად გვახსოვს, რა ჯოჯოხეთი ჩავიბარეთ ჩვენ 2012 წელს სასჯელაღსრულების სისტემის სახით და მართლაც ვფიქრობ, ამ სისტემაში განხორციელებული რეფორმა არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი“, – განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა, კახა კახიშვილმა 2012 წელს დაწყებული რეფორმები ღირსეულად გააგრძელა და დღეს არსებობს სისტემა, რომელიც თვისობრივად, ხარისხობრივად განსხვავებული და ევროპულ სტანდარტებთან მაქსიმალურად მიახლოებულია.
„დღეს რომ იყოს 2014 ან 2015 წელი, დაგეთანხმებოდით არგუმენტაციაში, რომ ამ სამინისტროების გაერთიანება აზრს მოკლებული იქნებოდა, მაგრამ რეფორმების ძირითადი ნაწილი ამ სისტემაში გატარებულია. ძალიან იშვიათად ნახავთ მსოფლიოს წარმატებულ გამოცდილებას, რომ ეს სისტემა იყოს ცალკე სამინისტროს სახით“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მისი შეფასებით, აღნიშნულ სისტემაში გატარდა მნიშვნელოვანი, ძირეული, წარმატებული რეფორმები, რაც „ქართული ოცნების“ გუნდის ერთ-ერთი დამსახურებაა .
„ვთვლით, რომ დროა, ვიხელმძღვანელოთ კარგი ევროპული პრაქტიკით”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ცალკე უწყებად გაუქმდა და იუსტიციის სამინისტროს შეუერთდა. ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებთან” შეხვედრაზე, ფრაქციის ლიდერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ ის აღნიშნული ორი უწყების გაერთიანების მომხრე არ არის.