14:27 13-06-2018
გიორგი კანდელაკი - მმართველ გუნდს არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ ევროპარლამენტს მხარი დაეჭირა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიისთვის მმართველ გუნდს საერთოდ არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ ევროპარლამენტს მხარი დაეჭირა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიისთვის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი კანდელაკმა პარლამენტის პლენარულ სესიაზე განაცხადა, სადაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან ევროპარლამენტის რეზოლუციის შესახებ ისაუბრა.
„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ჩაიწერა ოთხოზოარია-ტატუაშილის სიის საკითხი. ევროპარლამენტი მიესალმა საქართველოს პარლამენტის მიერ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მიღებას და მოუწოდა ევროკავშირს და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, რომ მოახდინონ სიაში არსებული პიროვნებების ან იმ პიროვნებების, ვინც მომავალში შეიძლება იქნას შეტანილი სიაში, ინტეგრირება ევროკავშირის თუ ცალკეული სახელმწიფოების სანქციებში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი და რაოდენ სამწუხაროა, რომ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, სამწუხაროდ, მმართველი გუნდის, „ქართული ოცნების“ და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები საერთოდ არ აქტიურობდნენ იმისთვის, რომ ევროპარლამენტს მხარი დაეჭირა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიისთვის. „ქართულ ოცნებას“ ფაქტობრივად, არაფერი გაუკეთებია ამისთვის“, - განაცხადა კანდელაკმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღების შემდეგ, მთავრობას არაფერი გაუკეთებია ოთხოზორია-ტატუნაშვილის საკითხის აქტუალიზაციისთვის. კანდელაკმა აღნიშნა, რომ მთავრობამ ზეგ უნდა გამოაქვყენოს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია და იმედი გამოთქვა, რომ ამის შემდეგ მაინც გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები.