გოგონა, რომელიც სიღნაღში „info9“–ის ჯგუფს დასდევს, „ნაცმოძრაობის“ თანამშრომელია (video)

გოგონა, რომელიც სიღნაღში „info9“–ის ჯგუფს დასდევს, „ნაცმოძრაობის“ თანამშრომელია (video)

სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სააგენტო „info9“–ის ჟურნალისტს თინათინ მატინოვს, რომელიც გამგეობის სპეციალისტისგან გიორგი ლათიბაშვილისგან ინფორმაციის მიღებას ცდილობდა, მიკროფონით ნათია მირიანაშვილი აედევნა და გამგეობის თანამშრომელს კომენტარის გაკეთება აუკრძალა. ამ ინფორმაციას სააგენტო „Info9“ ავრცელებს.

„გიორგი, ერთი წუთით თუ შეიძლება, არ მისცე არანაირი კომენტარი“, – მიმართა ნათია მირიანაშვილმა გამგეობის თანამშრომელს. ამის შემდეგ მან კითხვა „info9“–ის ჟურნალისტს და ოპერატორს დაუსვა.

ნათია მირიანაშვილი – „ქალბატონო თინათინ და ბატონო ვასიკო, მე მაინტერესებს, თქვენა ხართ დამოუკიდებელი ტელევიზია და დამოუკიდებელი საინფორმაციო?

თინათინ მატინოვი – უნდა გაგცე პასუხი?

ნათია მირიანაშვილი – რა თქმა უნდა, უნდა გამცე. როცა ლაპარაკობ, რომ მე ვარ ნაციონალური მოძრაობის და ასე და ასე და გაქვთ ერთი ამბავი, თვითონ საიდან იმართებით, საიდან გამოხვედით, საიდან მოდიხართ? სცენარი სად აიღე? „ქართული ოცნების“ ოფისში, პარტიის ოფისში? ხო კარგად ხედავ, რომ მოგყვები იქედან, მაქვს კადრები. შენ შეგიძლია გიორგი, რომ ბიძინას ტელევიზიას არ მისცე არანაირი ინფორმაცია. კარგად ბრძანდებოდეთ“.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი გიორგი ლათიბაშვილს ვერ დაუკავშირდა. მას მობილური ტელეფონი გამორთული აქვს. გადამოწმებული ინფორმაციით, ნათია მირიანაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სიღნაღის ორგანიზაციის თანამშრომელია, ამავე დროს, ის ხშირად იმყოფება სიღნაღის მაჟორიტარი დეპუტატის ნუგზარ აბულაშვილის ბიუროში. მიუხედავად ამისა, დეპუტატმა მასთან ნაცნობობა უარყო. „ეგეთი არავინ ვიცი. მირიანაშვილები ბერნი არიან და არ ვიცი“, – განაცხადა ნუგზარ აბულაშვილმა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი ცდილობდა ნათია მირიანაშვილთან დაკავშირებას იმის დასაზუსტებლად, ვის დავალებას ასრულებს და კამერა ვინ მისცა, თუმცა მირიანაშვილთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.

ჩვენ დავუკავშირდით კახეთის გუბერნატორს გიორგი ღვინიაშვილს, რომელიც ამავე დროს „ნაციონალური მოძრაობის“ კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელია.

ბატონო გიორგი, რა უფლება აქვს თქვენი პარტიის წევრს და აქტივისტს, რომ თუნდაც ივანიშვილის მეუღლის საკუთრებაში არსებული საინფორმაციო სააგენტოს წარმომადგენელს დასდევს, მუშაობის საშუალებას არ აძლევს და გამგეობის თანამშრომელს უყვირის, რომ „ივანიშვილის ტელევიზიის“ ჟურნალისტს კომენტარი არ მისცეს?

– არ ვიცი რაზე მელაპარაკებით, პირველად თქვენგან მესმის. გავერკვევი და კომენტარს მოგვიანებით გავაკეთებ“.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ვიდეოკამერებით და მიკროფონებით „შეაიარაღებული“ პირები, რომლებიც თავს სხვადასხვა გაუგებარი საინფორმაციო საშუალებების ჟურნალისტებად ასაღებენ „info9“–ის და „მეცხრე არხის“ ჟურნალისტებს დასდევენ და მუშაობაში ხელს უშლიან. ასეთ ფაქტები მასობრივად ხდება იმერეთსა და აჭარაში.