დღევანდელი გამოსვლა პრეზიდენტის იყო გაცილებით რბილი და ნაკლებად კრიტიკული, ვიდრე მისი ყველა გამოსვლა, რაც კი ამ დარბაზში მოგვისმენია 5 წლის განმავლობაში, - ასე აფასებს პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე.
გოცირიძე იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი ისეთ საკითხებს არ შეუშინდა, როგორიცაა - ავლაბრის რეზიდენციაში დარჩენა, ვეტო და შეწყალება.
„მინდა დავიწყო პირდაპირ, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე. პრეზიდენტის დღევანდელი გამოსვლა იყო გაცილებით რბილი და ნაკლებად კრიტიკული, ვიდრე მისი ყველა გამოსვლა, რაც კი ამ დარბაზში მოგვისმენია 5 წლის განმავლობაში. მე არ მინდა ავხსნა ამის მიზეზები, არ მინდა ვიფიქრო, რომ ეს იყო გამოწვეული იმ საარტილერიო დამუშავებით, რომელიც „ქართული ოცნების“ მხრიდან მიმდინარეობდა მის წინააღმდეგ. იცით, რომ როდესაც ვინმე შეტევაზე გადადის ომის დროს, ჯერ ხდება ფსიქოლოგიური ზეწოლა - თვითმფრინავიდან გადმოყრიან პროკლამაციებს და დღეს ეს ტელევიზიით ხდება, შემდეგ რაღაც დინამიკებით უშვებენ შემაშინებელ ხმებს და ეს ხმებიც გაისმოდა. ხდება საარტილერიო შტურმი, შემდეგ კი გადადის შეტევაზე ქვეითი ჯარი, ფეხოსნები. თქვენ დღეს გიტევენ დარბაზში მყოფი ფეხოსნები. ნუთუ ამ ფეხოსნებმა შეგაშინათ? 4-საათიანი დებატები მოითხოვეს და 4 საათის განმავლობაში თქვენ მოისმენთ თქვენს საწინააღმდეგოდ სამ რამეს: ის, რომ მთიდან არ ჩამოხვედით ბარში და არ დატოვეთ ავლაბრის რეზიდენცია; გეტყვიან თუ რატომ იყენებთ თქვენს საკონსტიტუციო უფლებას და რატომ ადებთ ვეტოს კანონპროექტებს; რატომ იყენებთ თქვენს საკონსტიტუციო უფლებებს და რატომ ეწევით შეწყალების პროცესს. არა მგონია, რომ ამან შეგაშინათ“, - განაცხადა გოცირიძემ.
გოცირიძის განცხადებით, პრეზიდენტს საერთოდ არ უსაუბრია არაფორმალურ მმართველობაზე, რაც ქვეყნისთვის მთავარი „უბედურების მომტანია“.
„თქვენს გამოსვლაში იყო რამდენიმე კარგი მხარე. თქვენ პირდაპირ თქვით, რომ ხელისუფლების მხრიდან მიზანმიმართულად მიმდინარეობს პოლიტიკური კლასის გაქრობა და თქვენ ეს თქვით არჩევნების კონტექსტში. ასევე, არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადეთ, რომ შეუძლებელია ქვეყანაში დემოკრატიული პროცესის განვითარება თუ არ იქნება სამართლიანი არჩევნები და არ შეიცვლება სისტემა და ის მექანიზმები, რაც არის დაკავშირებული არჩევნებთან. თუმცა, თქვენ არ გითქვამთ ყველაზე მთავარი. თქვით, რომ შესუსტდა სახელმწიფო ინსტიტუტები, მაგრამ რომელ შესუსტებაზეა საუბარი, როდესაც დაინგრა სახელმწიფო ინსტიტუტები. ქვეყანაში არის უკანონო არაფორმალური მმართველობა, ქვეყანა იმართება კულისებიდან და ამის შემოქმედი ბიძინა ივანიშვილი არა თუ არ გიხსენებიათ, მინიშნებითაც არ გითქვამთ, რომ ქვეყანაში კონსტიტუცია ფაქტობრივად, გაუქმებულია. ამიტომ ყველაზე მთავარი და მთელი უბედურების წყარო არის არაფორმალური მმართველობა. თოჯინების თეატრში ბავშვებს ხანდახან დიდი იმედგაცრუება ემართებათ, როდესაც ჩრდილში ცუდად შენიღბულ ხელს დაინახავენ. თქვენ ვერ დაინახეთ ხელი? ამ სცენაზე ხელიც ჩანს, ყურიც, ცხვირიც, ფეხებიც, დოლარებიც, უფრო მეტიც, ამ სცენაზე ხეები დაიარებიან და ზღვაში ხეები დაცურავენ“, - განაცხადა გოცირიძემ.