ივანიშვილი ცდილობს ამბიციური ახალგაზრდები ახლოს ჰყავდეს გასაკონტროლებლად - საერთოდ ასეა, ურჩები შორს არ უნდა გყავდეს

ივანიშვილი ცდილობს ამბიციური ახალგაზრდები ახლოს ჰყავდეს გასაკონტროლებლად - საერთოდ ასეა, ურჩები შორს არ უნდა გყავდეს

ახლად დაკომპლექტებული პოლიტსაბჭო უფრო ორიენტირებულია შიდა პარტიული კრიზისების გადალახვაზე, ვიდრე ხელისუფლების ეფექტურობის ამაღლებაზე, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა. 

ექსპერტმა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ახლად დაკომპლექტებული პოლიტსაბჭოს შემადგენლობა და მიმდინარე პროცესები შეაფასა. 

„ახლად დაკომპლექტებული პოლიტსაბჭო უფრო ორიენტირებულია შიდა პარტიული კრიზისების გადალახვაზე, ვიდრე ხელისუფლების ეფექტურობის ამაღლებაზე. მე უფრო ველოდი, რომ პოლიტსაბჭო სახელმწიფო საბჭოს მოდელად იქცეოდა, სადაც პარიტეტულ საწყისებზე იქნებოდა წარმოდგენილი როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლება. მეგონა, რომ პოლიტსაბჭო მთავარი პრობლემის გადალახვაზე იქნებოდა ორიენტირებული - ეს პრობლემა არის მმართველობითი სისტემის კრიზისი ქვეყანაში, თუმცა ამ პოლიტსაბჭოს შემადგენლობით არ იკითხება, რომ ამოცანა ესაა“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა. 

მისივე შეფასებით, პოლიტსაბჭოს შემადგენლობით მას სხვა დასკვნები გამოაქვს, კერძოდ ის, რომ ბიძინა ივანიშვილი ცდილობს ამბიციური ახალგაზრდები ახლოს ჰყავდეს გასაკონტროლებლად. 

„გადაწყვეტილებაში უფრო ის იკითხება, რომ ახალგაზრდა, ამბიციური ადამიანები, რომელთაც ილუზია და პრეტენზიები გაუჩნდათ რომ ყველაფერი აკონტროლონ, დასვეს მაგიდასთან, სადაც მათ თავის ადგილზე „მოსვამენ“. 

საერთოდ ასეა, ურჩები შორს არ უნდა გყავდეს, რომ საკუთარი ადგილი იცოდნენ. მე ვგულისხმობ იმ ახალგაზრდებს, რომელთაც არიეს უმრავლესობა“,- განაცხადა გია ხუხაშვილმა. 

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭო 15 წევრით დაკომპლექტდა. პოლიტსაბჭოს სიაში შედიან როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი.

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს ახალ შემადგენლობა ასეთია: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი, ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ნაკაშიძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, ასევე პარლამენტის წევრები: დიმიტრი სამხარაძე, ბიძინა გეგიძე, ირაკლი ტრიპოლსკი, მთავრობის წევრები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი. ასევე „საპარტნიორო ფონდის“ თავმჯდომარე დავით საგანელიძე და თბილისის მერი კახა კალაძე. 

პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა 21-დან 15 წევრამდე შემცირდა.