გიორგი კვირიკაშვილი იქნება პოლიტსაბჭოს წევრი. მას აბარია ქვეყანა, არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მე მგონი, დამატებით ფუნქციები არ სჭირდება ამ ყველაფერს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
პოლიტსაბჭომ დღევანდელ სხდომაზე პარტიის თავმჯდომარის პოსტზე გიორგი კვირიკაშვილის ნაცვლად ბიძინა ივანიშვილის კანდიდატურას დაუჭირა მხარი. კვირიკაშვილი პარტიის პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში იქნება.
„ბუნებრივია, რომ ბიძინა ივანიშვილთან იყო კონსულტაციები პოლიტსაბჭოს კანდიდატების შერჩევის დროს, რადგან ის ყრილობამ უნდა დაამტკიცოს პარტიის ხელმძღვანელად, ამიტომ ამაში უჩვეულო არაფერი არ არის. ახალ შემადგენლობაში არ არის წარმოდგენილი არც ერთი კომიტეტის თავმჯდომარე. გარკვეული პრინციპი იყო შეთანხმებული, რომ იქნებოდა პარლამენტიდან სპიკერატი, ასევე, ფრაქცია „ქართული ოცნება“, ამიტომ მე და ჩემი ორი მოადგილე ვართ პოლიტსაბჭოში. ასევე, გადავწყვიტეთ ერთ-ერთი ფრაქციის ხელმძღვანელი და ორი მინისტრი ყოფილიყო პოლიტსაბჭოში“, - განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, ახალი პოლიტსაბჭოს დაკომპლექტების პრინციპს ძველი პოლიტსაბჭოს ყველა წევრმა დაუჭირა მხარი, მათ შორის დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამაც.
მდინარაძის თქმით, პარტიის შიგნით იყო ლოკალური პრობლემები, თუმცა ახლა პრობლემა ამოწურულია.
„მოხდა ულტრირება ამ ყველაფერის. რა თქმა უნდა, იყო გარკვეული შეკამათება, რაც, სამწუხაროდ, გადავიდა საჯარო სივრცეში, მაგრამ ეს პრობლემა აბსოლუტურად ამოწურულია“, - დასძინა მდინარაძემ.
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს ახალ შემადგენლობა ასეთია: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი, ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ნაკაშიძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, ასევე პარლამენტის წევრები: დიმიტრი სამხარაძე, ბიძინა გეგიძე, ირაკლი ტრიპოლსკი, მთავრობის წევრები- რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი. ასევე „საპარტნიორო ფონდის“ თავმჯდომარე დავით საგანელიძე და თბილისის მერი კახა კალაძე.
პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა 21-დან 15 წევრამდე შემცირდა.