პოლიტსაბჭოდან წასვლის საკითხი დავაყენე, თუმცა იყო მოსაზრება, რომ პოლიტიკური ცხოვრების დიდი გამოცდილება მაქვს და ეს პარტიას წაადგება

პოლიტსაბჭოდან წასვლის საკითხი დავაყენე, თუმცა იყო მოსაზრება, რომ პოლიტიკური ცხოვრების დიდი გამოცდილება მაქვს და ეს პარტიას წაადგება

პოლიტსაბჭოდან წასვლის საკითხი დავაყენე, თუმცა იყო მოსაზრება, რომ პოლიტიკური ცხოვრების მართლაც დიდი გამოცდილება მაქვს და პარტიას ეს წაადგება, - ამის შესახებ „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

სხდომის დაწყებამდე საგანელიძე ამბობდა, რომ პოლიტსაბჭოს დატოვებდა, ვინაიდან ბოლო 2,5 წელიწადია პოლიტიკიდან წასულია, თუმცა, როგორც სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, საგანელიძე ახალი პოლიტსაბჭოს შემადგენლობაშიც რჩება. 

„პოლიტსაბჭოს ყველა წევრმა, პრემიერმა, პარტიის მომავალმა თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ბრძანეს, რომ არანაირი ინტერესთა კონფლიქტი არ არის პოლიტსაბჭოს წევრობასა და ფონდის თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით. იყო მოსაზრება, რომ დიდი გამოცდილება მაქვს პოლიტიკური ცხოვრების, არა მარტო „ქართული ოცნების“ პერიოდში არამედ მანამდეც, მოგეხსენებათ, 16 წელი პარლამენტის წევრი ვიყავი და ეს წაადგება პარტიას“, - განაცხადა საგანელიძემ.

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს ახალ შემადგენლობა ასეთია:

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი, ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ნაკაშიძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, ასევე პარლამენტის წევრები: დიმიტრი სამხარაძე, ბიძინა გეგიძე, ირაკლი ტრიპოლსკი, მთავრობის წევრები - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი. ასევე „საპარტნიორო ფონდის“ თავმჯდომარე დავით საგანელიძე და თბილისის მერი კახა კალაძე. 

პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა 21-დან 15 წევრამდე შემცირდა.