საქართველომ უნდა გააგრძელოს ყველაფრის კეთება იმისთვის, რომ რუსეთმა ადვილად ვერ გადაყლაპოს, -ამის შესახებ „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციას გენერალ-ლეიტენანტმა (გადამდგარი) ბენ ჰოჯესმა განუცხადა, რომელიც ევროპაში ამერიკის არმიის მთავარსარდალი და ნატო-ს ქვეითი ჯარების სარდალი იყო.
ბენ ჰოჯესი საქართველოზე საუბრისას ამბობს, რომ ქვეყანას საუკეთესო ჯარისკაცები ჰყავს.
„ერთი რამ, რაც არ იცვლება არის ჯარისკაცების ხარისხი. მოხიბლული ვარ ქართველი ჯარისკაცებით. მე ისინი ავღანეთში რამდენჯერმე ვნახე. ისინი ძლიერი, გაუტეხელი შემართების მქონე, სანდო ჯარისკაცები არიან. ოფიცრები, რომლებსაც მე შევხვდი კარგად მომზადებული, საზრიანი ხალხია. ხვდებიან რა გამოწვევები აქვთ და ფიქრობენ მათ გადალახვის გზებზე. ინვესტიცია, რომელსაც საქართველო დებს ჯარში მომსახურე ქალებისა და კაცების მომზადებაში, ნებისმიერი სახის აღჭურვილობის ყიდვაზე მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ბენ ჰოჯესმა.
გენერალს ასევე მიაჩნია, თავდაცვის სწორი კონცეფციის შემუშავება ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია.
„ჯერ ეს კონცეფცია უნდა შემუშავდეს და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა იყიდოთ აღჭურვილობა და საკუთარი ძალების ორგანიზება თავდაცვის სტრატეგიაზე მორგებით უნდა გააკეთოთ. ვფიქრობ, საქართველო სწორი მიმართულებით მიდის. ფინეთთან და ესტონეთთან შეხვედრა კარგი გადაწყვეტილება იყო. ისინი რუსეთს ესაზღვრებიან და ისინიც იყვნენ რუსეთის სამხედრო თავდასხმის სამიზნე. საქართველოს მხრიდან კარგი გადაწყვეტილებაა მსგავსი სტრატეგიული გამოწვევების მქონე მოკავშირეებთან ახლო სამხედრო კავშირები და ომის გამოცდილების გაზიარება“, - განაცხადა ბენ ჰოჯესმა.
„ამერიკის ხმასთან“ გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი საქართველო-რუსეთის ომის საფრთხეებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამ საფრთხის წინაშე „ყველა დგას“.
„ამ საფრთხის წინაშე ყველა ვდგავართ. თუმცა ეს შეიძლება სხვადასხვა სახით გამოიხატოს - იყოს კინეტიკური, ელექტრონული ან სხვა სახის. ჩვენ ყველა რუსეთის სამიზნეები ვართ. დეზინფორმაციის გამოყენებით რუსეთი ჩვენს ინსტიტუტებს უწყვეტად ესხმის თავს. ამიტომ, ჩვენ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ და მკაფიოდ დავანახოთ რუსეთს, რომ მათ ზოგიერთ ნაბიჯს ჩვენ არ შევეგუებით. საქართველომ, ვფიქრობ უნდა გააგრძელოს ყველაფრის კეთება იმისთვის, რომ რუსეთმა ადვილად ვერ გადაყლაპოს. ამისთვის მოკავშირეებთან, შავი ზღვის აუზის ქვეყნებთან ახლო თანამშრომლობა აუცილებელია. ქვეყნის შიგნით გადასადგმელ ნაბიჯებს რაც შეეხება, რუსეთი სარგებლობს მაშინ, როცა მოსახლეობაში სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ უნდობლობაა, როცა მედიას საკუთარი საქმის გაკეთების საშუალება არ ეძლევა. ეს დიდი სისუსტეა. ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ხალხს არჩევნების, მედიის დამოუკიდებლობის, მთავრობის გამჭვირვალობის სჯეროდეს. როცა ეს ნდობა ქრება რუსეთი დეზინფორმაციით და სხვა მეთოდებით სისუსტეს გამოიყენებს“, - აცხადებს ბენ ჰოჯესი.