ახლა იწყება რეფორმების ახალი ეტაპები და ჩვენ ურთიერთმოლაპარაკებით საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ ამ ეტაპზე უმჯობესი იქნებოდა თუ სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ეყოლებოდა, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელის, ზაზა სოფრომაძის თანამდებობიდან გადაყენების ფაქტის კომენტირებისას განუცხადა.
როგორც სერგეენკომ განაცხადა, სოფრომაძეს თანამდებობა დარღვევების გამო არ დაუტოვებია.
„ზაზა სოფრომაძე ერთ- ერთი ყველაზე გამოცდილი და ღირსეული ადამიანია, რომელიც მე შემხვედრია ჩემს პროფესიულ კარიერაში. მან ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო შეასრულა და ის რომ სისტემა გამართულად მუშაობს, მათ შორის, მისი დიდი დამსახურებაცაა. მაგრამ ყველაფერს აქვს გარკვეული ეტაპები. ახლა იწყება რეფორმების ახალი ეტაპები და ჩვენ ურთიერთმოლაპარაკებით საჭიროდ ჩავთვალეთ რომ ამ ეტაპზე უმჯობესი იქნებოდა თუ სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ეყოლებოდა. აქ საუბარი არ არის დარღვევებზე. კიდევ ერთხელ ვადასტურებ რომ ზაზა სოფრომაძე არის ღირსეული და პროფესიონალი ადამიანი",- განაცხადა სერგეენკომ.
რაც შეეხება სოფრომაძის შემცვლელს მიხეილ დუნდუას, როგორც ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, მას დიდი გამოცდილება აქვს.
"ის იყო პედაგოგი, ლექტორი სწორედ ჯანდაცვის ეკონომიკასა და ჯანდაცვის მენეჯმენტში. მას აქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება ხედვა და ნაშრომები ასევე სოციალურ პოლიტიკაში. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვქონდა წინაწარ შეხვედრები და კონსულტაციები და ალბათ, უახლოეს მომავალში საზოგადოებას ექნება საშუალება მისი ხედვების შესახებ უშუალოდ დუნდუასგან მოისმინოს. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ის შეძლებს ამ მძიმე ტვირთის ღირსეულად ზიდვას",- განაცხადა სერგეენკომ.