ჩვენს ქვეყანაში ყველა ადამიანი არის დაცული კანონით, კონსტიტუციით, არანაირი ჰომოფობიური განცხადება ჩვენთან არ გაკეთებულა, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ განაცხადა, რითაც "თანასწორობის მოძრაობის" წევრების აქციას გამოეხმაურა, რომლებიც მის გადადგომას ითხოვდნენ.
"ყველა ადამიანს აქვს უფლება ჰქონდეს აზრი და გამოხატოს საკუთარი აზრი. ჩვენს ქვეყანაში ყველა ადამიანი არის დაცული კანონით, კონსტიტუციით და ბუნებრივია, ჩვენი მოვალეობაა დავიცვათ თითოეული ადამიანი. არავითარი ჰომოფიური განცხადება ჩვენთან არ გაკეთებულა და მხოლოდ ეს შემიძლია ვთქვა. დემონსტრაციის გამართვის უფლება აქვს ყველას, თუ ის კანონის ფარგლებში ჯდება", - განაცხადა სოფო კილაძემ.
პარლამენტის შენობის წინ „თანასწორობის მოძრაობის“ და მათი მხარდამჭერების აქცია გაიმართა. „თანასწორობის მოძრაობის“ მხარდამჭერები პარლამენტის შენობასთან ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო კილაძის განცხადების გაპროტესტების მიზნით შეიკრიბნენ. მათი განმარტებით, კილაძის განცხადებიდან ჩანს, რომ ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტი ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის აღნიშვნას აღარ აპირებს იმის მიუხედავად, რომ 17 მაისის ყოველწლიურად აღნიშვნა 2017 – 2020 წლების სამოქმედო გეგმაში იყო გათვალისწინებული.
პარლამენტის შენობასთან ასევე მივიდნენ საზოგადოების ის წარმომადგენლები, რომლებიც 17 მაისის აღნიშვნას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. მათ შორის პარლამენტთან იმყოფებოდნენ გურამ ფალავანდიშვილი, დიმიტრი ლორთქიფანიძე და მათი თანამოაზრეები.
მათ „თანასწორობის მოძრაობის“ წარმომადგენლებს კვერცხები ესროლეს და განაცხადეს, რომ 17 მაისს, როგორ ჰომოფობიასთან ბრძოლის დღის აღნიშვნას არ დაუშვებენ.