რეგლამენტით ინიცირება ვერ ხდება ჩვენგან, თორემ პოლიტიკური განცხადებით კიდევ ერთხელ შემიძლია დავადასტურო, რომ მხარს ვუჭერთ დებატებს, - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, რითაც პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის ფორმატთან დაკავშირებით უმრავლესობის წევრების მოსაზრებას გამოეხმაურა.
"ცალკეული პოლიტიკოსები ხშირად პრეზიდენტს რომ რაღაცა ჯერ არ უთქვამს და არ უფიქრია, იმის შესახებ წინასწარ საუბრობენ ხოლმე. მსგავსი რამ ამ წლების განმავლობაშიც კი არ უთქვამს. პირიქით, ჩვენი მხრიდან ყოველთვის ფიქსირდებოდა პოზიცია, რომ ყოველთვის ვემხრობოდით დებატებს და მხარს ვუჭერდით ყველა წინადადებას, რომლიც დაკავშირებული იყო დებატებთან. რეგლამენტით ინიცირება ვერ ხდება ჩვენგან, თორემ პოლიტიკური განცხადებით კიდევ ერთხელ შემიძლია დავადასტურო, რომ მხარს ვუჭერთ დებატებს არა მხოლოდ საპარლამენტო ფორმატში, არამედ ზოგადად, მივესალმებით პოლიტიკაში დებატების კულტურის ჩამოყალიბებას, ღია დისკუსიას და ცხადია, ამისთვის ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ. ასე რომ, შემხვედრ ნაბიჯებს ველოდებით", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
ამასთან, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი კახიანის განცხადებით, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ამჟამად პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ მოეწყოს დებატები.
"ეს ყოველთვის განხილვის საგანი ხდებოდა, როგორც პრეზიდენტის მხრიდან, ასევე ოპოზიციის მხრიდანაც. ისინი ყოველთვის გამოთქვამდნენ დებატების ჩატარების სურვილს, მაგრამ ახლა მათ ასეთი სურვილი არ გამოუთქვამთ. პრეზიდენტის მხრიდან ეს შესაძლოა უკავშირდებოდეს ბოლოდროინდელ მოვლენებს, რომელიც მის გარშემო განვითარდა და რომელსაც უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდა საზოგადოების მხრიდან, თუმცა ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენ მიღებული გვაქვს გადაწყვეტილება, რომ ამჟამად პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ მოეწყოს დებატები", - განაცხადა კახიანმა.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ხვალ პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით წარსდგება.