შენობა-ნაგებობებში თამბაქოს მოწევის აკრძალვის პროცესს მხარდაჭერა უნდა და არა ჯიბრში ჩადგომა

შენობა-ნაგებობებში თამბაქოს მოწევის აკრძალვის პროცესს მხარდაჭერა უნდა და არა ჯიბრში ჩადგომა

შენობა-ნაგებობებში თამბაქოს მოწევის აკრძალვის პროცესს მხარდაჭერა უნდა და არა ჯიბრში ჩადგომა - პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს ხმა მივეცი და ყოველთვის დავუჭერ მხარს, - ასე ეხმაურება ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე თამბაქოს მოხმარების შესახებ ახალ რეგულაციებს, რომელიც ძალაში დღეიდან შევიდა. 

რომან გოცირიძის შეფასებით, აუცილებელია, მიღებულ კანონს ჰქონდეს საზოგადოების, მედიის, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეების მხარდაჭერა. ამასთან დეპუტატის თქმით, თუ კანონში არის ისეთი ჩანაწერი, რომელიც შეუსრულებელია ქართული სპეციფიკიდან გამომდინარე, ამის გამოსწორებაზე მუშაობა შესაძლებელია. 

"თუკი რაიმე გადაჭარბებულია, მშვიდად გამოვასწოროთ, მაგრამ არაა საჭირო ამ კარგ საქმეზე თავდასხმები. რომელ ევროპულ ქვეყანაში გინახავთ, რომ სიგარეტს ბარში, რესტორანში, ოფისში ან კინოთეატრში ეწეოდნენ?! თუ ჩვენს კანონში არის რაიმე ისეთი, რომელიც შეუსრულებელია ქართული სპეციფიკიდან გამომდინარე, კი ბატონო, გამოვასწოროთ - მაგალითად, ქელეხში მოვწევ და აბა ხელი დამაკარონ, ან თუ ზედმეტი ახირებაა, მაგალითად, კინოფილმებში სიგარეტის გამოჩენისთანავე სავალდებულო ტიტრებით გაფრთხილება მისი მავნებლობის შესახებ - შევცვალოთ.

საქართველო ერთ-ერთი ლიდერია ევროპაში მწეველ ქვეყნებს შორის. ჯანმრთელობას რომ თავი დავანებოთ, ღატაკ ქვეყანაში ერთ მილიარდ ლარზე მეტი სიგარეტზე რომ იხარჯება, ნორმალურია?! ქვეყანაში, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტი შარშან სულ რაღაც 38 მილიარდი ლარი იყო, მშპ-ს სამ პროცენტს სიგარეტში ვაბოლებდეთ და არაფერი ვიღონოთ რაიმეს შესაცვლელად, ეს რა ”ევროპული მისწრაფებებია”?! ეს ეტაპი ყველამ გაიარა და იქაც მსგავსი არგუმენტები და მსგავსი უკმაყოფილება იყო. შეეჩვივნენ, ჩვენც შევეჩვევით! ამ პროცესს მხარდაჭერა უნდა და არა ჯიბრში ჩადგომა. ხმა მივეცი ამ კანონს და ყოველთვის დავუჭერ მხარს", - წერს რომან გოცირიძე Facebook-ის გვერდზე.