პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის ღიად გამოჩენასთან ერთად პოლიტიკური ძალადობის ახალი ტალღა დაიწყო

პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის ღიად გამოჩენასთან ერთად პოლიტიკური ძალადობის ახალი ტალღა დაიწყო

“ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის ღიად გამოჩენასთან ერთად პოლიტიკური ძალადობის ახალი ტალღა დაიწყო მთავარი ოპოზიციური პოლიტიკური ძალის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ”, - ამის შესახებ განცხადებას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნუგზარ წიკლაური ავრცელებს. 

მისი თქმით, ივანიშვილმა უნდა შეწყვიტოს ძალადობის ენაზე საუბარი ოპოზიციასთან, უარი თქვას ზონდერჯგუფებზე და ანტიდემოკრატიულ მეთოდებზე.

„ივანიშვილის მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ხის უკანონოდ გადატანისას საკრებულოს და უზენაესი საბჭოს წევრები დაინტერესდნენ ამ ქმედების კანონიერებით და მოითხოვეს დოკუმენტაცია. ამის პასუხად „ქართული ოცნების“ აქტივისტები, ასლან აბაშიძის გუნდის ყოფილი წევრების, ვაჟა და თენგიზ შავიშვილების მიერ ორგანიზებული ზონდერჯგუფი თავს დაესხა დეპუტატებს და ფიზიკური ზიანი მიაყენა.
ვაჟა შავიშვილს დამთავრებული აქვს საბჭოთა „კაგებეს“ სკოლა და იყო ასლან აბაშიძის სეპარატისტული ხელისუფლების უზენაესი საბჭოს დეპუტატი. ხოლო თენგიზ შავიშვილი იყო ასლან აბაშიძის „ოდეერი“ პორტში, რომელსაც ლობირებდნენ რუსი გენერლები. ის უზიდავდა ასლან აბაშიძეს კორუფციულ წილებს პორტიდან”, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა. მისივე თქმით, ივანიშვილმა ხელ-ფეხი გაუხსნა კრიმინალებს, რომლებიც პოლიტიკურ ოპონენტებს თავს ესხმიან. 
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პროკურატურას დამნაშავეების დასჯისკენ მოუწოდებს. „მივმართავთ პროკურატურას, დასაჯოს ზონდერები და გაითვალისწინოს, რომ ეს დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება და პოლიტიკური მოძალადეები საბოლოოდ უმკაცრესად აგებენ პასუხს.
მივმართავთ ივანიშვილს, შეწყვიტოს ძალადობის ენაზე საუბარი ოპოზიციასთან, უარი თქვას ზონდერ ჯგუფებზე და ანტიდემოკრატიულ მეთოდებზე. ამ გზით მისი დიქტატურის გადარჩენა შეუძლებელია“, - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.