სამშობლოს ერთგულ შვილებზე, ჩვენს ჯარისკაცებზე ზრუნვა სახელმწიფოს უმთავრესი ვალდებულებაა

სამშობლოს ერთგულ შვილებზე, ჩვენს ჯარისკაცებზე ზრუნვა სახელმწიფოს უმთავრესი ვალდებულებაა

საქართველოს მთავრობა ძალისხმევას არ იშურებს, რომ სამხედროებს ღირსეული პირობები შეუქმნას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ვაზიანის სამხედრო ბაზაზე განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ვაზიანში წარმოდგენლი იყო პირველი ქართული ქვედანაყოფი, რომელიც სწორედ GDRP-ის პროგრამის ფარგლებში მაისიდან დაიწყებს წვრთნებს.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის სამწლიანი პროგრამა, რომელიც წელს დაიწყება და ჯამში 9 სამანევრო ბატალიონის გაწვრთნას ითვალისწინებს.

“ერთად მიმდინარეობს საბრძოლო მომზადების ცენტრის განვითარებაც, რომელიც ქვედანაყოფების მომზადებასა და შეფასებას უზრუნველყოფს. საქართველოს მთავრობა კი, თავის მხრივ, ძალისხმევას არ იშურებს, რომ ჩვენს სამხედროებს შეუქმნას ღირსეული პირობები. სამშობლოს ერთგულ შვილებზე, ჩვენს ჯარისკაცებზე ზრუნვა სახელმწიფოს უმთავრესი ვალდებულებაა. გილოცავთ ყველას დღევანდელ დღეს, საქართველოს თითოეულ ჯარისკაცს პირველ რიგში მშვიდობას გისურვებთ; დარწმუნებული ვარ, ჩვენი საქართველო აუცილებლად იქნება მთლიანი, ძლიერი და განვითარებული სახელმწიფო“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა ყველა ჯარისკაცს, გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და დღევანდელი დღე მიულოცა.

“სრულიად საქართველოს ვულოცავ საქართველოს შეიარაღებული ძალების დღეს. ვულოცავ შეიარაღებული ძალების მთელ პირად შემადგენლობას, ყველა ჯარისკაცს და მეთაურს. 27 წლის წინ, დღევანდელ დღეს, დამოუკიდებელმა საქართველომ თავისი პირველი ჯარისკაცები გაიწვია შეიარაღებულ ძალებში. ქართულმა ჯარმა სწორედ ამ დღიდან გააგრძელა ის ტრადიცია, რომელსაც 1918 წელს, პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის პირობებში ჩაეყარა საფუძველი. მაშინ ეს იყო ქართული ჯარის ხანმოკლე, თუმცა გმირული ისტორია, რომლითაც დღესაც ვამაყობთ. ისევე, როგორც 100 წლის წინ, ქართველ ჯარისკაცებს ქვეყნის ერთიანობისთვის არაერთი ბრძოლის გადატანა მოუწიათ. სამშობლოს ერთგულება და მისთვის თავგანწირვა იყო ყოველთვის ის, რაც ჩვენს ჯარისკაცებს გმირებად აქცევდა. პატივი მინდა მივაგო საქართველოს მთლიანობისათვის დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას. მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას, საქართველოს შეიარაღებული ძალების თითოეულ სამხედრო მოსამსახურეს, ვინც პირნათლად იცავთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. თქვენ ქართველი მებრძოლის მტკიცე და გაუტეხელი სულით ერთგულად ემსახურებით და საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავთ ჩვენს სამშობლოს, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივ ინტერესებს. დღევანდელ დღეს ვულოცავ საერთაშორისო სამშვიდობო მისიების მონაწილე, მსოფლიოში მშვიდობისთვის მებრძოლ ჩვენს სამხედროებს, რომლებმაც ქართველი მეომრის სახელი თავდადებისა და გაუტეხელობის სიმბოლოდ აქციეს“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.