დონალდ ტრამპი მხარს უჭერს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის დეკლარაციას და ნატო-ს წევრებს მოუწოდებს, იმ დროს აღებული ვალდებულება შეასრულონ

დონალდ ტრამპი მხარს უჭერს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის დეკლარაციას და ნატო-ს წევრებს მოუწოდებს, იმ დროს აღებული ვალდებულება შეასრულონ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მხარს უჭერს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის დეკლარაციას და ნატო-ს წევრებს მოუწოდებს იმ დროს აღებული ვალდებულება შეასრულონ, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში უეს მიტჩელმა ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

„გასული ორი დღე, ბრიუსელში, აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან მაიკ პომპეოსთან ერთად გავატარე ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების მინისტერიალზე. სახელმწიფო მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ნატო-ს კარი ღია რჩება ყველა ევროპული დემოკრატიისთვის, რომლებიც იზიარებენ ნატო-ს ღირებულებებს და წვლილი შეაქვთ ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში“, - განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა.

უეს მიტჩელის თქმით, საქართველო ძლიერი პარტნიორია, ვინაიდან ამერიკის გვერდით დგას საერთო საფრთხეების წინაშე ბრძოლაში. 

„თქვენ ასევე ხართ ჩვენი პარტნიორები იდეების სამყაროში. ეს ეხება ჩვენს ერთობლივ რწმენას დემოკრატიასა და კანონის უზენაესობასთან მიმართებაში. საქართველო თავისუფლების ძლიერ სიმბოლოს წარმოადგენს. მხოლოდ საქართველოს შეუძლია თავისი მომავლის არჩევა. არც ერთ მესამე ქვეყანას არ აქვს უფლება ვეტოს უფლება ჰქონდეს საქართველოს ნატო-ს წევრობაზე. წელს ჩვენ ნატო-ს ბუქარესტის სამიტის დეკლარაციის ათი წლისთავს აღვნიშნავთ, რომლის მიხედვით საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. ალიანსი მტკიცედ უჭერს მხარს ამ დეკლარაციას. პრეზიდენტი ტრამპი მხარს უჭერს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის დეკლარაციას და ნატო-ს წევრებს მოუწოდებს იმ დროს აღებული ვალდებულება შეასრულონ“, - დასძინა მან.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ „აშშ გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას“. 

„ჩვენ რუსეთს მოვუწოდებთ თავისი შეიარაღებული ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე გაიყვანოს, გააუქმოს საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება და იმ რეგიონებში თავისუფალი ჰუმანიტარული წვდომა უზრუნველყოს“, - განაცხადა მან.