“ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის საქმიანობას დადებითად გამოკითხული მოსახლეობის 26% აფასებს, ხოლო პრემიერ-მინისტრ, გიორგი კვირიკაშვილის საქმიანობას - 25%.
ამასთან, NDI-ის მიერ გამოკითხული მოსახლეობის 51% პრეზიდენტის საქმიანობას, ხოლო 52% პრემიერის საქმიანობას აფასებს საშუალოდ. რაც შეეხება უარყოფით შეფასებებს, როგორც გიორგი მარგველაშვილის, ისე გიორგი კვირიკაშვილის საქმიანობას უარყოფითად 3-3% აფასებს.
რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარეს, გამოკითხულთა 19% ირაკლი კობახიძის საქმიანობას დადებითად აფასებს, 43% საშუალოდ, 22% - უარყოფითად.
NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 25% დადებითად საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, დავით ბაქრაძის საქმიანობას აფასებს, ხოლო 13% უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის საქმიანობას.
შეგახსენებთ, რომ კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 20 მარტი-4 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას CRRC-საქართველო ატარებს.
საშუალო ცდომილების ზღვარი +/-2,2%-ია.