საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, რაც უფრო უახლოვდება საქართველო ნატოს, მით უფრო იზრდება ანტიდასავლური პროპაგანდა, ამიტომაც მნიშვნელოვანია სწორი მოქმედება როგორც საქართველოს, ისე ალიანსის მხრიდან. ამის შესახებ პრემიერმა ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„სულ უფრო თვალნათელი ხდება, რომ, რაც უფრო მეტად ვუახლოვდებით ნატო-ს, მით უფრო იზრდება ქვეყანაში ანტიდასავლური პროპაგანდა. ამიტომაც არის ასე მნიშვნელოვანი ჩვენი და ალიანსის მხრიდან სწორი და დროული მოქმედება. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, სათანადოდ შევაფასოთ და ვუპასუხოთ ამგვარ საფრთხეებს და პარტნიორებთან ერთად, აქტიურად ვმუშაობთ მათთან გამკლავებაზე. ამ მიმართულებით მომუშავე სახელმწიფო უწყებებში უკვე განხორციელდა სტრუქტურული ცვლილებები და შესაბამისი ფუნქციური რგოლების გაძლიერება, რითაც მსგავს საფრთხეებზე რეაგირება კიდევ უფრო კოორდინირებული გახდა. უკვე რამდენიმე თვეა, საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრი, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებს სამთავრობო სტრუქტურების სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალისტების უახლესი სტანდარტებით გადამზადებას, რაც ახლო მომავალში, ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ მოქმედებას უფრო ეფექტიანს გახდის“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან, ვეს მიტჩელთან შეხვედრასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისგან მკაფიო მხარდაჭერა მოისმინა.
“გუშინ საღამოს ჩვენ გვქონდა ხანგრძლივი შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან, ბატონ ვეს მიტჩელთან და მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი მას შემდეგ, რაც მოვისმინე მისი მკაფიო მხარდამჭერი მოსაზრებები, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ასევე საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების კუთხით. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ. დღეს თქვენი აქ ყოფნა, ისევე, როგორც ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის ყოფნა საქართველოში, არის მკაფიო დადასტურება ერთი მხრივ, აშშ-ის ადმინისტრაციის მხარდაჭერისა საქართველოს საგარეო კურსის მიმართ და ასევე, რა თქმა უნდა, ნატო-ს მხარდაჭერისა და მის მიერ საქართველოს პროგრესისა და საქართველოს ევროატლანტიკური კურსის აღიარებისა, რაც საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
პრემიერმა საქართველოს მხარდაჭერისთვის ყველა პარტნიორს მადლობა გადაუხადა.