როგორც პრაქტიკული თანამშრომლობის, ისე პოლიტიკური დიალოგის თვალსაზრისით, ასეთი დინამიური და დატვირთული ურთიერთობები ალიანსთან, როგორც ბოლო წლებში იყო და განსაკუთრებით - გასულ წელს, არასოდეს ყოფილა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული ფორუმი უკვე მნიშვნელოვან ტრადიციადაც ჩამოყალიბდა.
„მინდა გითხრათ, რომ 2018 წელი ჩვენ გამოვაცხადეთ საყოველთაო ჩართულობისა და დიალოგის წლად. ჩვენი მიზანი გახლავთ, თითოეული მოქალაქე აქტიურად მონაწილეობდეს ქვეყნის განვითარების საქმეში, საგარეო თუ საშინაო პოლიტიკურ პროცესებში. წლევანდელი ფორუმის კონცეფცია გახლავთ „360 გრადუსით კომუნიკაცია“, რაც მთლიანად მიესადაგება როგორც საქართველოს მთავრობის, ასევე ნატო-ს ხედვას, რომ მოსახლეობას მაქსიმალურად მიეწოდოს ფაქტებზე დაფუძნებული, სწორი ინფორმაცია, თუ რატომ არის ევროატლანტიკური ინტეგრაცია ასე მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისათვის და მისი მომავლისთვის. მოგეხსენებათ, რომ ნატო-ში გაწევრიანება ჩვენი ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტი გახლავთ და გამოხატავს საქართველოს მოქალაქეების ურყევ ნებას. ეს იმდენად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციაშიც კი იქნა შეტანილი. მინდა, განსაკუთრებულად აღვნიშნო, რომ როგორც პრაქტიკული თანამშრომლობის, ისე პოლიტიკური დიალოგის თვალსაზრისით, ასეთი დინამიური და დატვირთული ჩვენი ურთიერთობები ალიანსთან, როგორც ბოლო წლებში იყო და განსაკუთრებით - გასულ წელს, არასოდეს ყოფილა“, - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, საქართველო ადასტურებს, რომ ალიანსის ღირებული და საიმედო პარტნიორია.
“საქართველოს აქვს ალიანსთან თანამშრომლობის ფორმატები, რომლებსაც ჩვენ მაქსიმალურად აქტიურად ვიყენებთ. ალიანსის წევრები აღიარებენ, რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი ალიანსის წევრობისთვის მოსამზადებლად და ჩვენ ამ ინსტრუმენტებით ეფექტურად ვსარგებლობთ. შესაბამისად, ნატო-ს მხრიდან მკაფიოდ არის აღიარებული ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია დემოკრატიული რეფორმების, შეიარაღებული ძალებისა და თავდაცვის ინსტიტუტების მოდერნიზაციის კუთხით და ასევე საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში შეტანილი წვლილით. ნატო საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე თავსებად და საიმედო პარტნიორად მიიჩნევს“, - აღნიშნა პრემიერმა.