სავარაუდოდ, პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გადაწყდება, როგორ ფორმატში მოისმენენ დეპუტატები პრეზიდენტის ყოველწიურ მოხსენებას. რეგლამენტი პრეზიდენტის მოხსენების მოსმენის ორგვარ ფორმატს ითვალისწინებს - ერთი, როცა სახელმწიფოს მეთაურის გამოსვლის შემდეგ, ტრიბუნასთან სიტყვით მხოლოდ ფრაქციების თავმჯდომარეები გამოდიან და მეორეა, პოლიტიკური დებატების ფორმატი.
პოლიტიკურ დებატებში გამოსვლებისთვის უმრავლესობასა და უმცირესობას ეძლევა თითოეულს 45 წუთი, ფრაქციასა და პარლამენტის თავმჯდომარეს (სხდომის თავმჯდომარეს) – თითოეულს 15 წუთი, ვიცე-სპიკერებს – 10-10 წუთი, პარლამენტის წევრს, რომელიც არ არის გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში – 5 წუთი.
როგორც “ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა განუცხადა, ელის, რომ პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ პოლიტიკური დებატები გაიმართება, როგორც ეს გასულ წლებში მოხდა.
“ვფიქრობ, როგორც წინა შემთხვევებში, ახლაც პოლიტიკური დებატები იქნება. სავარაუდოდ, საკითხი ბიუროს სხდომაზე გადაწყდება. აღნიშნულ საკითხზე იქნება კონსულტაციები როგორც უმრავლესობაში, ასევე პარლამენტში წარმოდგენილ პოლიტიკურ ჯგუფებთან“, - აღნიშნა კახიანმა.
ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ყოველწლიური მოხსენებით გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის წინაშე 2 მაისს წარდგება. ეს იქნება მისი ბოლო მოხსენება არსებული საპრეზიდენტო ვადის ფარგლებში.