ადრე ფაქტების დამახინჯებას ჰქონდა ადგილი, ახლა გადავიდნენ ახალ მეთოდზე, რასაც ამბების მოგონება ჰქვია

ადრე ფაქტების დამახინჯებას ჰქონდა ადგილი, ახლა გადავიდნენ ახალ მეთოდზე, რასაც ამბების მოგონება ჰქვია

"ქართული ოცნების" წევრი მამუკა მდინარაძე სიცრუეს უწოდებს "ევროპული საქართველოს" წევრის ელენე ხოშტარიას განცხადებას იმის შესახებ, რომ ხონში, ნომერ პირველ საარჩევნო უბანში "ქართული ოცნების" წარმომადგენელს ერთ-ერთი პირი ყოველგვარი უფლების გარეშე ჰყავდა შეყვანილი და შენიშვნის მიცემის შემდეგ მან დამკვირვებელს შეურაცხყოფა მიაყენა. როგორც მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის მოგონილი ამბავი, რაზეც ყურადღება არ უნდა გამახვილდეს. 

"ისინი დღესაც და წლების განმავლობაში ბევრ რამეს ამბობენ, მაგრამ რამდენად მართალია მათი ნათქვამი, ეს მეორე საკითხია. ადრე ფაქტების გარკვეულ დამახინჯებას ჰქონდა ადგილი, ახლა უკვე გადავიდნენ ახალ მეთოდზე, რასაც ამბების მოგონება ჰქვია. საერთოდ არ არსებობს ამბავი და პირდაპირ, გამიზნულად ტყუილს ამბობენ. აქედან გამომდინარე, ნუ მივაქცევთ ყურადღებას. ჩვენ გასაფორმებელი და ბოლომდე მისაყვანი გვაქვს გამარჯვება,- განაცხადა მდინარაძემ. 

რაც შეეხება არჩევნების მიმდინარეობას, მამუკა მდინარაძის თქმით, შუალედური არჩევნები მშვიდ გარემოში ტარდება და ყველა ამომრჩეველს უფლება აქვს საკუთარი არჩევანი მშვიდ გარემოში დააფიქსიროს.

„ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიას განცხადებით, „ქართული ოცნების" წარმომადგენელს საარჩევნო უბანზე შეყვანილი ჰყავდა ადამიანი, რომელსაც იქ ყოფნის უფლება არ ჰქონდა, შენიშვნის მიცემის შემდეგ, მან შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთ დამკვირვებელს.