"ქართული ოცნების" წარმომადგენელს საარჩევნო უბანზე შემოყვანილი ჰყავდა ადამიანი, რომელსაც აქ ყოფნის უფლება არ ჰქონდა, შენიშვნის მიცემის შემდეგ, მან შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთ დამკვირვებელს, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა ელენე ხოშტარიამ "ინტერპრესნიუსს" ხონში განუცხადა. საუბარია ხონის ნომერ პირველ საარჩევნო უბანზე, სადაც ხოშტარიას თქმით, დღეს „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა ერთ-ერთი პირი საარჩევნო უბანში მიიყვანა, რასაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მოჰყვა.
"ევროპული საქართველოს" წევრის თქმით, მათი პარტია უზრუნველყოფს იმას, რომ შუალედური არჩევნები მშვიდად დასრულდეს.
"ხელისუფლებას ეტყობა პანიკა და ის, რომ უკმაყოფილოები არიან. ეს ნამდვილად ასეა. მოსახლეობის უმრავლესობა მათი მხარდამჭერი ნამდვილად არ არის, მაგრამ ვერანაირი ასეთი ძალადობა და ზეწოლა ვერ შეაცვლევინებს მოსახლეობას აზრს. აქ იყო გინება იმის გამო, რომ დამკვირვებელმა მიუთითა ადგილზე არ უნდა ყოფილიყო ერთ-ერთი ადამიანი. ჩვენი ამოცანაა ის, რომ ეს გინება არ გადაიზარდის დაპირისპირებაში. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ჩვენ სიტუაცია ჩავაცხრეთ. ჩვენ აუცილებლად ვუზრუნველვყოფთ იმას, რომ არჩევნები მშვიდობიანად დასრულდეს",- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება.
არჩევნებში ერთმანეთს უპირისპირდებიან - პარტია “ევროპული საქართველოს“ კანდიდატი გიგი უგულავა, პარტია “საქართველოს“ კანდიდატი გიორგი ლილუაშვილი, “ტრადიციონალისტების“ კანდიდატი ზურაბ ქართველიშვილი, „ახალი ქრისტიან-დემოკრატების“ კანდიდატი მამუკა ტუსკაძე, პარტია “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი - გივი ჭიჭინაძე და საინიციატივო ჯგუფის მაჟორიტარობის კანდიდატი ვასილ კოპალიანი.
ვანისა და ხონის გაერთიანებულ სამაჟორიტარო ოლქში შუალედური არჩევნების ჩატარების აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც ყოფილი მაჟორიტარი, გრიგოლ ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.