საზოგადოების უდიდესი ნაწილი ვითარებას ძალიან საღად აფასებს და ხვდება, რომ ბიძინა ივანიშვილმა და მისმა გუნდმა ქვეყანა ჩიხში შეიყვანა

საზოგადოების უდიდესი ნაწილი ვითარებას ძალიან საღად აფასებს და ხვდება, რომ ბიძინა ივანიშვილმა და მისმა გუნდმა ქვეყანა ჩიხში შეიყვანა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ამომრჩეველს მოუწოდებს, რომ 20:00 საათამდე დრო გამოიყენონ და არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა. 

როგორც ბოკერიამ ხონში ჟურნალისტებს განუცხადა, ვანსა და ხონში, ისევე როგორც მთელს საქართველოში, საზოგადოების უდიდესი ნაწილი ვითარებას ძალიან საღად აფასებს და ხვდება, რომ ბიძინა ივანიშვილმა და მისმა გუნდმა ქვეყანა ჩიხში შეიყვანა.

„უბნების დახურვამდე ორი საათი დარჩა. ჩვენს ყველა ამომრჩეველს ხონსა და ვანში კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, რომ მივიდნენ არჩევნებზე. ამ რაიონებში, ისევე როგორც მთელს საქართველოში, საზოგადოების უდიდესი ნაწილი ვითარებას ძალიან საღად აფასებს და ხვდება, რომ ბიძინა ივანიშვილმა და მისმა გუნდმა ქვეყანა ჩიხში შეიყვანა, ამიტომ აუცილებელია, რომ ყველა ნაბიჯზე ბოლომდე უკან დავახევინოთ, არჩევნების გზით ვანსა და ხონში პირველი ნაბიჯი უნდა გადავდგათ ამ გუნდის ხელისუფლებიდან ჩამოცილებისთვის, ამიტომ ეს ორი საათი უნდა გამოვიყენოთ. რაც შეეხება დარღვევებს, რა თქმა უნდა, ტრადიციული სურათი ვიხილეთ - ბიუროკრატები და სხვა მხარის გუბერნატორი, თუ როგორ მუშაობენ დიდ ამალით. ბიუროკრატია, რომელიც თავის საქმეს უნდა აკეთებდეს, როგორ არის ჩაბმული კამპანიაში, მაგრამ ეს ყველაფერი მათ არ უშველით, თუკი ჩვენი ამომრჩევლების მაღალი აქტივობა იქნება. ეს არის ჩვენი მთავარი მოწოდება“, - განაცხადა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება. არჩევნებში ერთმანეთს უპირისპირდებიან - პარტია “ევროპული საქართველოს“ კანდიდატი გიგი უგულავა, პარტია “საქართველოს“ კანდიდატი გიორგი ლილუაშვილი, “ტრადიციონალისტების“ კანდიდატი ზურაბ ქართველიშვილი, „ახალი ქრისტიან-დემოკრატების“ კანდიდატი მამუკა ტუსკაძე, პარტია “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი გივი ჭიჭინაძე და საინიციატივო ჯგუფის მაჟორიტარობის კანდიდატი ვასილ კოპალიანი.

ვანისა და ხონის გაერთიანებულ მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნების ჩატარების აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც ყოფილი მაჟორიტარი, გრიგოლ ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.