„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გივი ჭიჭინაძის შეფასებით, ვანისა და ხონის 54-ე მაჟორიტარულ ოლქში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, – ამის შესახებ მან პირველ არხს განუცხადა.
„ყველა უბანზე სიმშვიდეა. არანაირ ექსცესს ადგილი არ ჰქონია. ველოდები გამარჯვებას“, – განაცხადა ჭიჭინაძემ.
გივი ჭიჭინაძე „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გიგი უგულავას ბრალდებებსაც გამოეხმაურა. უგულავა მისი საარჩევნო ბანერების დაზიანებაში „ქართულ ოცნებას“ ადანაშაულებს.
„ჩემი არაერთი პლაკატია ჩამოხეული. გამოდის, რომ ყოველ დღე უნდა გვესაუბრა ამის შესახებ. მთავარია, ამომრჩეველი და არა ბანერი. მთავარია, ვის უნდიხარ“, – განაცხადა ჭიჭინაძემ.
გიგი უგულავას ბანერზე კანდიდატის გამოსახულებას თავი აქვს ამოჭრილი. მომხდარის შესახებ დღეს, დილით გახდა ცნობილი. მომხდარზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.
54-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საერთო ჯამში, 60 საარჩევნო უბანზე რეგისტრირებულია 48 123 ამომრჩეველი.
ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება. მოქალაქეები 54-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტში ვანისა და ხონის მაჟორიტარს ირჩევენ.
54-ე საარჩევნო ოლქში 60 საარჩევნო უბანია გახსნილი, სადაც 48 123 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
28 აპრილის შუალედურ არჩევნებში ხუთი პოლიტიკური სუბიექტის მიერ დასახელებული და ერთი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატები მონაწილეობენ:
2. „ბაქრაძე, უგულავა – ევროპული საქართველო“ – გიორგი უგულავა
17. „საქართველო“ – გიორგი ლილუაშვილი
21. „ტრადიციონალისტები“ – ზურაბ ქართველიშვილი
23. „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“ – მამუკა ტუსკაძე
41. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – გივი ჭიჭინაძე
42. საინიციატივო ჯგუფი (სოფიო მეშველიანი, შორენა ჯურხაძე, ვაჟა კოპალიანი, თამარ კუხალაშვილი, მარინა ჩაგუნავა) – ვასილ კოპალიანი.