არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, ყველა ამომრჩეველს აქვს საშუალება, რომ თავისუფლად დააფიქსიროს საკუთარი აზრი

არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, ყველა ამომრჩეველს აქვს საშუალება, რომ თავისუფლად დააფიქსიროს საკუთარი აზრი

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, შუალედური არჩევნები მშვიდობიან ვითარებაში მიმდინარეობს და ამომრჩევლები საკუთარ არჩევანს თავისუფლად აფიქსირებენ. როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს ხონში, "ქართული ოცნების" ოფისთან განუცხადა, დარღვევებთან დაკავშირებით ჯერჯერობით ინფორმაცია არ ფიქსირდება.

„ხედავთ, რომ არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიდის, ყველა ამომრჩეველს აქვს საშუალება, რომ თავისუფლად დააფიქსიროს საკუთარი აზრი. ასე ხდებოდა ზუსტად წინასაარჩევნო პერიოდშიც. რაც შეეხება ამ არჩევნების მნიშვნელობას, გივი ჭიჭინაძე არის ერთ-ერთი წარმატებული, პროფესიონალი კაცი, რომელიც ვფიქრობ, საპარლამენტო საქმიანობას ძალიან წაადგება. ამიტომაც ჩვენს ამ კანდიდატს ჩვენი უდიდესი მხარდაჭერა აქვს. დარღვევებთან დაკავშირებით ჯერჯერობით ინფორმაცია არ არის",- განაცხადა მდინარაძემ.

რაც შეეხება „ევროპული საქართველოს“ კანდიდატის, გიგი უგულავას პლაკატის და ბანერის დაზიანების საკითხს, მდინარაძის თქმით, მსგავსი ქმედებები მმართველი პარტიის ინტერესში არ შედის.

"დღეს ვნახეთ, რომ ჩვენმა ოპონენტებმა ბანერისა და პლაკატების ჩამოხევაზე ისაუბრეს. იცით, რომ რამდენიმე თვეა ისინი, უკვე საარჩევნო კამპანიას აწარმოებენ და მსგავსი ფაქტები არ დაფიქსირებულა. ვის ინტერესებში შედის პლაკატის ჩამოხევა, ალბათ ძნელი მისახვედრი არ არის. მმართველ პარტიას ასეთი სისულელეების კეთება არაფერში არ სჭირდება", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება. 

არჩევნებში ერთმანეთს უპირისპირდებიან - პარტია “ევროპული საქართველოს“ კანდიდატი გიგი უგულავა, პარტია “საქართველოს“ კანდიდატი გიორგი ლილუაშვილი, “ტრადიციონალისტების“ კანდიდატი ზურაბ ქართველიშვილი, „ახალი ქრისტიან-დემოკრატების“ კანდიდატი მამუკა ტუსკაძე, პარტია “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი - გივი ჭიჭინაძე და საინიციატივო ჯგუფის - სოფიო მეშველიანი, შორენა ჯურხაძე, ვაჟა კოპალიანი, თამარ კუხალაშვილი, მარინა ჩაგუნავა - მაჟორიტარობის კანდიდატი ვასილ კოპალიანი. 

ვანისა და ხონის გაერთიანებულ სამაჟორიტარო ოლქში შუალედური არჩევნების ჩატარების აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც ყოფილი მაჟორიტარი, გრიგოლ ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.