გია ვოლსკი:  ვფიქრობ, საკვანძო ფიგურების პოლიტსაბჭოში ყოფნა საჭიროა

გია ვოლსკი: ვფიქრობ, საკვანძო ფიგურების პოლიტსაბჭოში ყოფნა საჭიროა

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში უნდა დარჩეს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. 

"მე მგონი, ის უნდა იყოს პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში. ის არის სამეურნეო ხელმძღვანელი, რომელიც უახლოესი პერიოდის განმავლობაში საკმაოდ ამბიციურ გეგმებს ისახავს. ამ გეგმების რეალიზაცია არის მთელი მთავრობის ამოცანა, სადაც საკვანძო როლს შეასრულებს პრემიერ-მინისტრი. ვფიქრობ, რომ ის წარმოდგენილი უნდა იყოს პოლიტსაბჭოში, თუმცა არ ვიცი კონფიგურაცია და შინაარსი ამ პოლიტსაბჭოში როგორი იქნება და რა პრინციპზე იქნება აგებული", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისივე განმარტებით, პოლიტსაბჭოს ახალ შემადგენლობასთან დაკავშირებით რაიმე მონახაზი ჯერ არ არსებობს. 

რაც შეეხება "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს გენერალური მდივნის კახა კალაძისა და აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის მიერ თანამდებობების შენარჩუნების საკითხს, გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ მათი პოლიტსაბჭოში ყოფნა საჭიროა. 

"ისინი თავიანთ პოზიციაზე არიან საკმაოდ მძლავრნი და ეფექტურნი იმის მიუხედავად, იქნებიან თუ არა ისინი პოლიტსაბჭოში, მაგრამ მე ვფიქრობ, საკვანძო ფიგურების პოლიტსაბჭოში ყოფნა საჭიროა. ვნახოთ როგორ დალაგდება", - განაცხადა გია ვოლსკიმ. 

"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოში ცვლილებების საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა.