სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანთან მოლაპარაკებაზე უარი განაცხადა

სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანთან მოლაპარაკებაზე უარი განაცხადა

სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა კარენ კარაპეტიანმა ოპოზიციის ლიდერ ნიკოლ ფაშინიანთან მოლაპარაკებაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ კარენ კარაპეტიანის პრესმდივანმა არამ არარატიანმა განაცხადა. 

გუშინ ფაშინიანმა კარაპეტიანს მოუწოდა მოლაპარაკებები დღეს გაემართათ. ნიკოლ ფაშინიანის მტკიცებით, შეხვედრა პრესისთვის ღია უნდა იყოს. 

„კარენ კარაპეტიანი თავის აზრზე რჩება. ჟურნალისტების წინაშე მოლაპარაკებები უშედეგო იქნება“, - განაცხადა არარატიანმა. 

რაც შეეხება საპროტესტო აქციებს, ნიკოლ ფაშინიანის გადაწყვეტილებით, ერევანში აქციები 29 აპრილს განახლდება.

„ერევანში აქციები ორი დღით შეწყდება, რათა ჩვენს აქტივისტებს დასვენების და ძალების აღდგენის საშუალება მიეცეს. 27 აპრილს ჩვენ გიუმრიში, 28 აპრილს კი ვანაძორში ჩავდივართ“, - განაცხადა ფაშინიანმა.