ბიძინა ივანიშვილს პარტიის თავმჯდომარედ დაბრუნებას გიორგი კვირიკაშვილი სთხოვდა და ამას მიაღწია

ბიძინა ივანიშვილს პარტიის თავმჯდომარედ დაბრუნებას გიორგი კვირიკაშვილი სთხოვდა და ამას მიაღწია

ბიძინა ივანიშვილს პარტიის თავმჯდომარედ დაბრუნებას პრემიერ-მინისტრი სთხოვდა და ამას მიაღწია - გიორგი კვირიკაშვილი ივანიშვილს პრემიერობის პირველივე დღიდან აბრუნებდა პარტიაში, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ ფრაქცია “ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის” თავმჯდომარემ კახა ოქრიაშვილმა განუცხადა, რომელიც პარტია “ქართულ ოცნებაში“ გამართული შეხვედრის მონაწილე იყო. 

ოქრიაშვილის ინფორმაციით, ივანიშვილი კვირიკაშვილის შეთავაზებას აქამდე არ თანხმდებოდა და “როგორც იქნა დათანხმდა“. 

“გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრობის პირველივე დღიდან ცდილობდა, რომ პარტიულ სამუშაოებში ბიძინა ივანიშვილი ყოფილიყო ჩართული - სულ მცირე, ყოფილიყო პარტიის საპატიო თავმჯდომარე. გიორგი კვირიკაშვილს პარტიული სტუქტურების აწყობის დრო არა აქვს, რადგან მთელს დროსა და ენერგიას პრემიერობა ართმევს. საქართველოში ვითარება ისეთია, რომ ინსტიტუციურად ჩამოყალიბებული პარტიები არ არსებობს - ასეთი არც “ქართული ოცნებაა“ და მით უმეტეს, არც სხვა პარტია. ამიტომ ბიძინა ივანიშვილის მოტივაცია არის ის, რომ დაბრუნდეს პარტიის თავმჯდომარედ და ჩამოაყალიბოს პარტიული სტრუქტურები, როგორც ინსტიტუტი. ნუ დაგვავიწყდება, რომ ამ პარტიაში ბიძინა ივანიშვილი არის ყველაზე დიდი ავტორიტეტი და ძალიან ჭკვიანი კაცია“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ კახა ოქრიაშვილმა. 

როგორც “ქართულ ოცნებაში“ გამართული შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, პარტია “ქართული ოცნებას“ სათავეში ბიძინა ივანიშვილი ჩაუდგება, რომელიც პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს.