მივესალმებით საქართველოს პროგრესს და ვიმედოვნებ, რომ ნატოს სამიტი ამ პროგრესს აღნიშნავს

მივესალმებით საქართველოს პროგრესს და ვიმედოვნებ, რომ ნატოს სამიტი ამ პროგრესს აღნიშნავს

საქართველო ნატო-ს ძალიან ახლო პარტნიორია. ვახორციელებთ ბევრი სხვადასხვა სახის საქმიანობას, რითაც უზრუნველვყოფთ პრაქტიკულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას საქართველოსთვის, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დღეს, ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე, „ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე პასუხისას განაცხადა. 

„მივესალმებით საქართველოს პროგრესს ალიანსის წევრობასთან მიმართებით და ვიმედოვნებ, რომ სამიტი ამ პროგრესს აღნიშნავს. ასევე მივესალმები ფაქტს, რომ ჩვენ გვაქვს ბევრი სხვადასხვა საშუალება, რათა გავამყაროთ ჩვენი პარტნიორობა. ჩვენ გვაქვს საერთო საწვრთნელი და საგანმანათლებლო ცენტრი, მხარს ვუჭერთ სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებს, რათა საქართველომ განავითაროს საკუთარი სამხედრო ძალების მომზადება, ვეხმარებით რეფორმების დანერგვაში“, - აღნიშნა ნატოს გენმდივანმა. 

„ნატო ძალიან აფასებს საქართველოს წვლილს ნატოს მისიებსა და ოპერაციებში. ასე რომ, არა მხოლოდ ნატო უჭერს მხარს საქართველოს, არამედ საქართველოც დიდ დახმარებას უწევს ნატოს. საქართველო ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომელიც დიდი რაოდენობით სამხედრო ძალით უზრუნველყოფს ჩვენს „მტკიცე მხარდაჭერის მისიას“ ავღანეთში“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. 

შეგახსენებთ, რომ ხვალ ბრიუსელში ნატოს მინისტერიალი ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით გაიმართება.