არჩილ თალაკვაძე:  სახელისუფლებო ცვლილებები არ იქნება

არჩილ თალაკვაძე: სახელისუფლებო ცვლილებები არ იქნება

სახელისუფლებო ცვლილებები არ იქნება. პრემიერ-მინისტრი წარმატებით გააგრძელებს დაწყებულ საქმეს და პარლამენტიც, ირაკლი კობახიძის თავმჯდომარეობით, სრულად დაუჭერს მხარს იმ რეფორმებს და დაპირებების შესრულებას, რომელიც მიცემული გვაქვს საზოგადოებისთვის, - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ კითხვას იმის შესახებ, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება ნიშნავს თუ არა იმას, ის აღმასრულებელ ხელისუფლებაშიც დაბრუნდება.

"ბატონი ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს ჩვენს პარტიას. ჩვენ მხარს ვუჭერთ მთლიანად ამ გადაწყვეტილებას, რომელსაც პოლიტსაბჭოს სხდომის მერე უკვე პარტიის ყრილობაზე წარვადგენთ. ველოდები, რომ პარტიის ყრილობა სრული მხარდაჭერით დაამტკიცებს ამ გადაწყვეტილებას", - განაცხადა თალაკვაძემ.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება იყო გიორგი კვირიკაშვილის დიდი ხნის ინიციატივა და პრემიერმა ამ მიზნით რამდენიმე კონსულტაციაც გამართა ყოფილ პრემიერთან.

"პარტიის ლიდერები მხარს უჭერენ ამ გადაწყვეტილებას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით პარტია გახდება კიდევ უფრო ეფექტური და საერთო ჯამში, ეს გააჯანსაღებს იმ პოლიტიკურ პროცესს, რომელოც საქართველოში მიმდინარეობს",- დასძინა თალაკვაძემ.