ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება და "ქართული ოცნების" თავმჯდომარედ არჩევა ქვეყანაში დაასრულებს არეულ სისტემურ და ინსტიტუციურ გაურკვევლობას, სახელისუფლებო ანგარიშვალდებულების დეფორმირებას, შესაბამისად, ეს სწორი გადაწყვეტილებაა და მისასალმებელია, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ნიუ - იორკის ფორდჰემის უნვერსიტეტის მიწვეულმა პროფესორმა ლევან ბოძაშვილმა განუცხადა.
მისივე განმარტებით, ეს გადაწყვეტილება ასევე დროულია მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების წინ და მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს " ქართული ოცნების" მიერ წარდგენილი კანდიდატის შანსების კიდევ უფრო გაზრდაზე.
"ფაქტია, რომ ამის საჭიროება რეალურად დადგა, რაც არა მხოლოდ უმრავლესობაში ბოლოდროინდელმა პროცესებმაც აჩვენა, არამედ ხშირ შემთხვევაში გამოჩნდა ინსტიტუციურ, სახელისუფლებო დონეზე ეფექტიანი პოლიტიკური წონის ვაკუუმი, რამაც უარყოფითი გავლენა იქონია " ქართული ოცნების" რეიტინგსა და ავტორიტეტულობაზე, მის მენეჯმენტსა და ზოგადად ხელისუფლების ეფექტიანობაზეც. ამავე დროს ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური სიმძიმისა და ავტორიტეტის მქონე პირის პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის ლეგიტიმაციაც მოხდება, რაც მნიშვნელოვანია სისტემური და ინსტიტუციური გამართულობისათვის.
იმთავითვე, არასწორი სისტემური გადაწყვეტა იყო, როდესაც პარტიას ხელმძღვანელობს პრემიერი, რომელიც აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურია, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარე არის პარტიის აღმასრულებელი მდივანი, ანუ პარტიულ იერარქიაში მეორე პირი, რაც საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელში გარკვეულწილად პრობლემებს წარმოშობს. ამდენად, ეს პრობლემაც აღნიშნული გადაწყვეტილებით აღმოიფხვრება", - განაცხადა ბოძაშვილმა.
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პარტია „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ უხელმძღვანელებს, - ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერმა და პარტიის ამჟამინდელმა ლიდერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.
„პირადად, ჩემი და მთელი გუნდის სახელით შევთავაზე და ვთხოვე ჩვენი პარტიის დამფუძნებელს, რომ სათავეში ჩაუდგეს პარტიას. მოხარული ვარ, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა თანხმობა განაცხადა“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა.