ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა გამოვიდეს ჩრდილიდან, რომ პარტიაში არეულობის დალაგების იურიდიული უფლება ჰქონდეს

ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა გამოვიდეს ჩრდილიდან, რომ პარტიაში არეულობის დალაგების იურიდიული უფლება ჰქონდეს

ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა გამოვიდეს ჩრდილიდან იმ თვალსაზრისით, რომ პარტიაში არეულობის დალაგების იურიდიული უფლება ჰქონდეს, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ ექსპერტმა რამაზ საყვარელიძემ ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით განუცხადა.

“მე მგონია, რომ გარკვეული ბიძგი ამ გადაწყვეტილებას მისცა იმ შიდა არეულობამ და სავარაუდოა, რომ ბიძინა ივანიშვილმა მოისურვა და გადაწყვიტა გამოვიდეს ჩრდილიდან იმ თვალსაზრისით, რომ პარტიაში არეულობის დალაგების იურიდიული უფლება ჰქონდეს. ჩინოვნიკურ საქმეებს აღმასრულებელ ხელისუფლებაში მაინც არ უყურებს კარგი თვალით და ეტყობა არ აპირებს ხელისუფლების რომელიმე შტოში წასვლას. მე ვფიქრობ, მას თავისი რაღაცა გარკვეული მოდელი ჩამოყალიბებული აქვს. რაც შეეხება კვირიკაშვილის განცხადებას, რომ მან სთხოვა ივანიშვილს დაბრუნება, როგორც წესი მსგავსი ტიპის ნაბიჯებს არ დგამენ ხოლმე თხოვნის საფუძველზე. მას რომ არ ჰქონოდა მომწიფებული ეს პოზიცია, მეეჭვება, რომ ვინმეს თხოვნისთვის გაეწია ანგარიში“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ “ქართულ ოცნებას“ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კანდიდატები ყავს და არ საჭიროებს, რომ ამ მოტივით ბიძინა ივანიშვილი დაბრუნებულიყო პოლიტიკაში.

“მე უფრო მგონია, რომ იმ პროცესებმა, რაც საპარლამენტო უმრავლესობაში მიმდინარეობს, ამოატივტივა იმის აუცილებლობა, რომ ივანიშვილის სიტყვა მარტო არაფორმალური ჩაჩურჩულება კი არ იყოს ამა თუ იმ მხარის მხრიდან, არამედ მას ჰქონდეს ლეგიტიმური უფლება პოლიტიკური კლიმატის რეგულირებისა პარტიის შიგნით“, - განაცხადა საყვარელიძემ.