გია ხუხაშვილი ვარაუდობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ ეტაპზე არც პრემიერის და არც პრეზიდენტის თანამდებობას არ დაიკავებს

გია ხუხაშვილი ვარაუდობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ ეტაპზე არც პრემიერის და არც პრეზიდენტის თანამდებობას არ დაიკავებს

ექსპერტი გია ხუხაშვილი ვარაუდობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ ეტაპზე არც პრემიერის და არც პრეზიდენტის თანამდებობას არ დაიკავებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ხუხაშვილმა განუცხადა, პარტიის თავმჯდომარეობა პარტიაში წესრიგის აღსადგენად სრულიად საკმარისია.

„მე არ ვფიქრობ, რომ ის იქნება საპრეზიდენტო კანდიდატი. მთავარი იყო მას მოეხდინა რეინტეგრაცია პოლიტიკაში. ამ ვითარებაში, მისი პარტიის თავმჯდომარეობა საკმარისია და მისი პრეზიდენტობა ახალ კონსტიტუციურ მოდელში სრულიად არ არის აუცილებელი. მთავარია, რომ მან რეინტეგრაცია პოლიტიკაში მოახდინა და დისციპლინა აღდგება. მე არ მგონია, რომ ამ ეტაპზე მისი პრემიერობის საკითხი დადგეს დღის წესრიგში. არ მგონია, რომ გადაწყვეტილებას მიიღებს აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართულებით. მე ვფიქრობ, რომ ის თვლის, პარტიის თავმჯდომარეობა წესრიგის აღსადგენად სავსებით საკმარისია“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა. 

მისივე თქმით, გამომდინარე იქედან, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ელიტა ჯერ კიდევ მოსწავლეები არიან და სწავლის ეტაპზეა, მასწავლებლის დაბრუნება იყო ობიექტური აუცილებლობა. 

„ასე რომ, სამწუხაროდ, ძნელად აღსაზრდელი ბავშვები ვერ განვითარდნენ, ვერ შეიძინეს ის განათლება რაც შემდეგ პოლიტიკურ ცხოვრებაში გამოადგებოდათ. მისი გადაწყვეტილება არ იყო მარტივი, შესაძლოა კიდევ უფრო რთული ვიდრე 2011 წელს, თუმცა კარგია, რომ ეს ნაბიჯი გადადგა. გამომდინარე იქედან, რომ ქვეყანაში მეტი ძალის ცენტრი არ არსებობს, მისი დისტანცირება პროცესებისგან, არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სახელმწიფოებრივი რისკების შემცველი იქნებოდა. ასე რომ, მადლობის მეტი რა გვეთქმის“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.