საქართველოს საპატრიარქო მხარს დაუჭერს კანონპროექტის მიღებას, რომლითაც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განუცხადა.
„ჩვენ მხარს დავუჭერთ კანონპროექტს, რომლითაც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა დასჯადი გახდება. სავარაუდოდ, შევხვდებით იდეის ავტორებს და დეტალებზე ვისაუბრებთ. გვაქვს ზოგადი წარმოდგენა, რომ ევროპის ბევრ ქვეყანაში ასეთი კანონის პრაქტიკაში გამოყენება დანერგილია“, – განაცხადა მამა მიქაელმა.
ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრის, ემზარ კვიციანის საკანონმდებლო ინიციატივის გათვალისწინებით, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედება ხდება. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა პროექტს იდეის დონეზე მხარი დაუჭირა. გადაწყდა, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომლის ფარგლებში პროექტი გადამუშავდება.