ირანი დიდი პრობლემების წინაშე დადგება თუ თავის ბირთვულ პროგრამას განაახლებს, - ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.
„თუ ირანი განაახლებს თავის ბირთვულ პროგრამას, მას გაცილებით მეტი პრობლემები ექნება, ვიდრე ოდესმე ჰქონია“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
გარდა ამისა, აშშ-ს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ირანთან მიღწეული შეთანხმება საშინელია.
„ჩვენ ეს საშინელი შეთანხმება დავდეთ, მაგრამ მოგვიწევს მისი განხილვა. ეს საშინელი შეთანხმება იყო, რომელიც არასოდეს უნდა დაგვედო. ჩვენ შეგვეძლო ნორმალური შეთანხმება მიგვეღო“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
2015 წლის ივლისში ირანმა, გაერო-ს უშიშროების საბჭოს ხუთმა მუდმივმა წევრმა და გერმანიამ შეთანხმებას მიაღწიეს ირანის ბირთვული პროგრამის დარეგულირების შესახებ, რაც ირანისთვის სანქციების მოხსნას ითვალისწინებდა.
დონალდ ტრამპის შეფასებით, აღნიშნული შეთანხმება ირანს ხელს არ შეუშლის ბირთვული იარაღის მოპოვებაში და მის შეცვლას მოითხოვს.