საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი წითელ ჯვარს მადლობას უხდის. როგორც კვირიკაშვილმა ზუგდიდში, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ რეგიონულ კონფერენციაზე განაცხადა, წითელი ჯვრის ძალისხმევით, გასული დღეების განმავლობაში კიდევ 22 უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანის ნეშტი იქნა აღმოჩენილი და მიწას მიბარებული.
„აქვე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს, რომლის ძალისხმევითაც, გასული დღეების განმავლობაში კიდევ 22 უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანის ნეშტი იქნა აღმოჩენილი. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ძალისხმევით, დღემდე 148 უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანის ნეშტი იქნა აღმოჩენილი და მიწას მიბარებული სათანადო პატივით. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა, რადგან მათ აქვთ მინიჭებული მანდატი, არ გაუმხილონ მესამე მხარეს ინფორმაციის წყარო, საიდან იღებენ ცნობას დაკარგული ადამიანების თუ მათი ნეშტების ადგილსამყოფელის შესახებ. ამიტომ მინდა, მოვუწოდო ყველას, თუ ვინმეს აქვს ინფორმაცია უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ადგილმდებარეობის შესახებ, მიაწოდონ ცნობა ამ ორგანიზაციას, ვინაიდან ძალიან მნიშვნელოვანია, ნეშტები დაუბრუნდეს ოჯახებს“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.