საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 97-ე როუზ-როსის სემინარზე სიტყვით გამოვიდა.
სიტყვით გამოსვლის შემდეგ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს საქართველოში გატარებული რეფორმების შესახებ არგუმენტირებული შენიშვნები არ ჰქონდათ.
"ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო, სადაც საზოგადოებამ დაინახა, რამდენად ცოტა საფუძველი აქვს იმ კრიტიკულ შეფასებებს, რომელსაც ჩვენი გუნდის მიმართ ოპოზიციის წარმომადგენლები გამოხატავენ. ოპოზიციას საპასუხო არგუმენტები არ ჰქონია, მათ პრაქტიკულად ვერ დაასახელეს ის პრეტენზიები, რომელზეც ჰქონდათ საუბარი. ჩვენ ყველა ინფორმაცია გულწრფელად და არგუმენტირებულად წარვადგინეთ, იმ საკითხებზე რომელიც იყო დაგროვილი. ამ სესიამ ყველა ის კითხვა გაფანტა და ყველა ის კრიტიკული შეფასება, რომელიც უცხოელების წინაშე თვეების განმავლობოაში ოპოზიციის წარმომადგენლებმა სხვადასხვა საშუალებებით წერილობით თუ ზეპირად წარადგინეს. მე ვიტყოდი, რომ სიმართლე დღევანდელ სესიაზე ჩვენს მხარეს იყო", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.