კარგად გვახსოვს ის წლები, როდესაც განსხვავებული აზრისა და შეხედულებების გამო სასტიკად უსწორდებოდნენ ადამიანებს - ეს ძალადობა ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ, - ამის შესახებ თბილისის მერმა, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ურეკში რეგიონულ კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა.
„გვახსოვს 2011 წელი, როდესაც ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა და მიიღო პოლიტიკური პარტიის შექმნის გადაწყვეტილება. ჩვენი პოლიტიკური ძალისთვის მნიშვნელოვანია ადამიანი და ყველა განხორციელებული რეფორმა სწორედ ადამიანის კეთილდღეობისკენ არის მიმართული. რასაკვირველია, უშეცდომო არავინ არის და შეცდომები ჩვენც მოგვდის, მაგრამ ყველა ნაბიჯი გადადგმულია ქვეყნის სიყვარულით. დღეს ჩვენი მთავარი პრიორიტეტი არის ეკონომიკური განვითარება. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თავის გამოსვლაში ვრცლად ისაუბრა იმ პროექტებზე, რომელთა განხორციელებაც შევძელით ბოლო წლების განმავლობაში. ჩვენ კარგად გვესმის ის გამოწვევები, რომლებიც რეგიონისა და ქვეყნის წინაშე დგას. მხოლოდ ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლება ვერაფერს გააკეთებს, თუ არ იქნა საზოგადოების კონსოლიდაცია. არაერთი მაგალითი არსებობს, როდესაც საზოგადოების ერთიანობას ქვეყნის წარმატება და გამარჯვება მოჰყვა. სწორედ ასეთი ერთიანობით შევძლებთ, ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომლებიც ყველას გვაწუხებს და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყანა ხვალ იქნება ბევრად უკეთესი“, - განაცხადა კახა კალაძემ, რომლის განცხადებას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.