საქართველოს პრემიერ-მინისტრის, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, პარტია სერიოზულ რეფორმებს გადის.
როგორც გიორგი კვირკაშვილმა ოზურგეთში, პარტიის რეგიონულ კონფერენციაზე განაცხადა, ამ პროცესში დასაფასებელია იმ ადამიანების ღვაწლი, რომლებიც ყველაზე რთულ პერიოდში პარტიის გვერდით იდნენ და ასევე მნიშვნელოვანია პარტიის განახლებაც.
„პარტია „ქართული ოცნება“ სერიოზულ რეფორმებს გადის და ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანის როლი. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, დასაფასებელია იმ ადამიანების ღვაწლი და როლი, რომლებიც ყველაზე რთულ პერიოდში “ქართული ოცნების” გვერდით დადგნენ და ქვეყანაში მნიშვნელოვანი გარდატეხა მოიტანეს. რა თქმა უნდა, ასევე მნიშვნელოვანია პარტიის განახლებაც და სწორედ ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ახალგაზრდობის როლი. ამიტომ, მინდა მოვუწოდო ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს, სახელმწიფო რწმუნებულს, პარტიის ხელმძღვანელებს, ყველას, მაქსიმალურად გავაძლიეროთ კომუნიკაცია ახალგაზრდობასთან, ჩავრთოთ ახალგაზრდობა აღმშენებლობის პროცესში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია საერთო საქვეყნო კონსოლიდაციისთვის“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
გარდა ამისა, პრემიერმა იმ პროექტებზეც ისაუბრა, რომელიც გურიაში ხორციელდება ან დაგეგმილია.
„ჩვენი მთავარი მიზანი რა თქმა უნდა, გახლავთ ჩვენი ქვეყნის გამთლიანება. გამთლიანებისთვის არსებობს რეცეპტი, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” შემოიტანა - ეს არის პრაგმატული, სწორი და გონივრული საგარეო პოლიტიკა და ქვეყნის ეკონომიკურად გაძლიერება. ამას ვახორციელებთ ჩვენ თქვენთან ერთად, თითოეული თქვენგანის მონაწილეობით და ეს აუცილებლად მიგვიყვანს სასურველ შედეგამდე“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა, რომლის გამოსვლის ტექსტს „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.