ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზოგიერთი წევრი, დიდი ალბათობით, აზერბაიჯანის ხელისუფლების ინტერესების ლობირებისთვის ქრთამს იღებდა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზოგიერთი წევრი, დიდი ალბათობით, აზერბაიჯანის ხელისუფლების ინტერესების ლობირებისთვის ქრთამს იღებდა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზოგიერთი ყოფილი და მოქმედი წევრი, დიდი ალბათობით, ქრთამს იღებდა ევროპაში აზერბაიჯანის ხელისუფლების ინტერესების ლობირებისთვის, - ამის შესახებ ნათქვამია დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში. 

კერძოდ, ანგარიშში მოხსენიებულია ბუნდესტაგის ყოფილი დეპუტატი ედუარდ ლინტნერი, რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი 1999 წლიდან 2010 წლამდე იყო. ანგარიშის ავტორების თქმით, „ქრისტიანულ-სოციალური კავშირის“ წარმომადგენელი აზერბაიჯანის მთავარი ლობისტი იყო. 

2012-2014 წლებში გერმანელ პოლიტიკოსს ბრიტანეთში დარეგისტრირებული კომპანიების მეშვეობით 819 ათასი ევრო გადაურიცხეს ბაქოდან. 

კიდევ ერთი ეჭვმიტანილი „ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის“ წარმომადგენელი კარინ შტრენცია. ანგარიშის თანახმად, ედუარდ ლინტნერმა ის სამუშაოზე აიყვანა თავისი კომპანიის ხაზით, რომელიც ბაქოდან ფინანსდებოდა და აზერბაიჯანის ინტერესების ლობირებით იყო დაკავებული. 

დამოუკიდებელ ექსპერტთა ანგარიშში ასევე მოხსენიებულია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში „ევროპის სახალხო პარტიის“ ფრაქციის ყოფილი ხელმძღვანელი ლუკა ვოლონტე. 2016 წელს მასთან მიმართებაში წინასწარი გამოძიება იყო დაწყებული აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლებისგან 2 მილიონი ევროს ოდენობით ქრთამის აღებაზე. 

აღსანიშნავია, რომ 2015 წლის იანვარში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ კრიტიკული რეზოლუცია არ მიიღო აზერბაიჯანში პოლიტიკურ პატიმრებზე.