საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ამბროლაურის აეროპორტის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო ადგილობრივი მოსახლეობისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის.
ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა ამბროლაურში, “ქართული ოცნების“ რეგიონულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა და რაჭა-ლეჩხუმის მასშტაბით განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.
“ამბროლაურის აეროპორტის არსებობა ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო აქაური მოსახლეობისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის. ეს არის რაჭა-ლეჩხუმის ჭიშკარი და ჩვენ ძალიან დიდ იმედებს ვამყარებთ სწორედ ასეთ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც კეთილდღეობას მოუტანს თითოეულ ოჯახს და თითოეული ადგილობრივი მოსახლის შემოსავალს დაეტყობა. ამავე დროს ასეთი პროექტები მნიშვნელოვნად ამცირებს რეგიონის დაცლის საფრთხეს და ახალ სიცოცხლეს სძენს მას. ჩვენ კი ეს ულამაზესი მხარე აუცილებლად ფეხზე უნდა დავაყენოთ. აქ სულ სხვა ცხოვრება უნდა დაიწყოს, სისხლსავსე და საინტერესო. დარწმუნებული ვარ, სულ რამდენიმე წელში ჩვენ აქ ვნახავთ ძალიან ბევრ წელგამართულ ადამიანს, რომლებიც საკუთარი პროფესიონალიზმით, ბიზნესის კეთების შესაძლებლობით არჩენენ საკუთარ ოჯახებს და დაასაქმებენ სხვებსაც“, - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, აღნიშნულ რეგიონში უამრავი ახალგაზრდა ბრუნდება და საქმეს იწყებს.
„ახალგაზრდებს ეძლევათ საშუალება, მამა-პაპისეულ მიწაზე შექმნან საკუთარი მომავალი. სწორედ ასეთი ახალგაზრდებისთვის წამოვიწყეთ სახელმწიფო პროგრამა - „ახალგაზრდა მეწარმე“, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ დავაანონსეთ. ჩვენ გამოვთქვამთ სრულ მზადყოფნას იმისათვის, რომ ახალგაზრდებს ჰქონდეთ სახელმწიფოს მხარდაჭერა სოფელში ბიზნესის დასაწყებად. ჩვენ ყოველმხრივ შევუწყობთ ხელს, რათა მოტივირებულმა ახალგაზრდებმა შექმნან სოფლებში რძის, ხილისა და ბოსტნეულის, ხორცის გადამამუშავებელი საწარმოები, გააშენონ ვაზი, მოაწყონ საოჯახო მარნები, ააშენონ ფერმები, სამაცივრე მეურნეობები და სხვა. მჯერა, რომ ეს გარდატეხას შეიტანს ახალგაზრდებს შორის და სულ უფრო დიდ დაინტერესებას გამოიწვევს. ეს ჩვენ გვისახავს იმედს, რადგან ახალგაზრდები ქმნიან ქვეყნის მომავალს და მათ ხელშია განვითარების უდიდესი პოტენციალი“, - განაცხადა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილმა განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა და მათ შორის გამოყო კომპანია - “ბლაუენშტაინ საქართველო“, შვეიცარულ-ქართული საწარმოა, ასევე პრემიერმა განსაკუთრებით გამოყო აგრეთვე, ახალი საწარმო „რაჭული ლორი“, რისთვისაც 350 000 აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლება ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს განათლებას და ამიტომაც რეგიონში მუშაობს სახელმწიფო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება - პროფესიული კოლეჯი „ერქვანი“, სადაც გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, „სტუდენტთა სამეწარმეო იდეების განვითარების ხელშესაწყობად შექმნილია სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია“.