ძალიან ბევრი პრობლემა კვლავაც გადასაჭრელია, მაგრამ მთავარია, რომ სწორ გზას ვადგავართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, კვირიკაშვილი სიტყვით გამოვიდა ამბროლაურში, პარტიის რეგიონულ კონფერენციაზე და განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მთავარი ამოსავალი ქვეყნის წინსვლა და ხალხის ცხოვრების დონის გაუმჯობესებაა.
კვირიკაშვილმა ადგილობრივ მმართველობას, მუნიციპალიტეტის მერს, გუბერნატორს და მაჟორიტარ დეპუტატს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
“კვირა არ გავა, რეგიონის პრობლემებთან დაკავშირებით საქმიანი საუბარი არ მქონდეს, რაც, ვფიქრობ, იმაზე მეტყველებს, ისინი ნამდვილად ზრუნავენ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების წარმოჩენაზე ცენტრალურ ხელისუფლებაში და ასეც უნდა იყოს. მე ძალიან მოკლედ მოგახსენეთ განვლილი გზის შესახებ. რა თქმა უნდა, ჩვენ ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი, რომ ჩვენს ქვეყანაში აღარ იყოს გაჭირვებული ოჯახი, აღარ იყოს არც ერთი გაჭირვებული ადამიანი და აღარ ჰქონდეს ის ტკივილი, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვუყურებთ. ჩვენი ყველას ვალია, მუხლჩაუხრელად გავაგრძელოთ ბრძოლა, შრომა, რომ ჩვენს ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ აღმოვფხვრათ სიღარიბე“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
პრემიერის თქმით, რაჭა-ლეჩხუმი და სვანეთი ის რეგიონებია, სადაც ნამდვილად გმირი მოსახლეობა ცხოვრობს, რომლებმაც ურთულესი პერიოდი გამოიარეს და შეინარჩუნეს სინათლე ფანჯრებში.
“ეს სინათლე ფანჯრებში და ამ ადამიანების გმირობა, გვაიძულებს და გვაძლევს იმ ენერგიას, კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ, რომ ეს რეგიონი აყვავდეს. ეს ულამაზესი მხარე, ულამაზესი გმირი და მშრომელი მოსახლეობით დასახლებული, ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ აქ სიცოცხლე ჩქეფდეს და დუღდეს. ეს ჩვენი ყველას ვალია და ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ იქით, რომ ეს სწორედ ასე მოხდეს“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.