ერთიანი ძალისხმევით ჩვენ მოვახერხებთ და შევძლებთ, ღირსეულად ჩავატაროთ საპრეზიდენტო არჩევნები და მივაღწიოთ წარმატებას, - პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ამბროლაურში გამართულ პარტიის რეგიონულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც “ინტერპრესნიუსს“ პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, კალაძემ პარტიის წევრებს „ქართული ოცნების“ დაფუძნების დღე მიულოცა.
"21 აპრილი პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" დაფუძნების დღეა. მინდა, მოგილოცოთ დღევანდელი დღე. თითოეული თქვენგანის როლი პარტიის განვითარებაში არის უმნიშვნელოვანესი. მე ყოველთვის ვამბობ და ახლაც გავიმეორებ, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოების ერთობა. მხოლოდ ადგილობრივი ხელისუფლება, რა თქმა უნდა, ვერ შეძლებს, უპასუხოს იმ გამოწვევებს, რომელიც რეგიონისთვის აქტუალურია. მნიშვნელოვანია ჩვენი ერთად დგომა, როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ხელისუფლების, პარტიის და ზოგადად საზოგადოების. მე დარწმუნებული ვარ, რომ ერთიანი ძალისხმევით ჩვენ მოვახერხებთ და შევძლებთ, ღირსეულად ჩავატაროთ საპრეზიდენტო არჩევნები და მივაღწიოთ წარმატებას. ეს იქნება ჩვენი ქვეყნის გამარჯვება და წინსვლა. მინდა, თითოეულ თქვენგანს წარმატებები ვუსურვო და მინდა ყოველი დღე იყოს გაჯერებული წარმატებებით, კეთილდღეობით, სიკეთით და სიხარულით",-განაცხადა კახა კალაძემ.