ჩვენი მიზანია, “ქართული ოცნება“ განახლებული ენერგიით შეხვდეს იმ ახალ დღის წესრიგსა და გამოწვევებს, რომლებიც დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.
პრემიერი სიტყვით გამოვიდა ამბროლაურში, „ქართული ოცნების“ რეგიონულ კონფერენციაზე და განაცხადა, რომ დღევანდელი ღონისძიება რეგიონული პარტიული სტრუქტურების გადახალისებასა და ყრილობისთვის მზადებას ემსახურება.
“დღეს მინდა თქვენთან ერთად ერთგვარად შევაჯამო ჩვენი პარტიის, როგორც მმართველი ძალის მიერ გაწეული საქმიანობა. საბედნიეროდ, ჩვენ უკან მოვიტოვეთ ბევრი სირთულე და დღეს გვაქვს საშუალება, ახალ გამოწვევებს შევეჭიდოთ, აღვასრულოთ ჩვენი შორსმიმავალი გეგმები. სწორედ ეს არის ჩვენი პარტიის დღევანდელი ამოცანა. დემოკრატიული მმართველობა ევროპული ქვეყნების ცხოვრების წესია და ჩვენც სწორედ ამ გზით მივდივართ. ნამდვილად დარწმუნებული ვარ, რომ პარტიას, თითოეულ მის წევრს აქვს პოლიტიკური ნება, მთავარი მოტივაცია და რესურსიც იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ცხოვრება მაქსიმალურად შევცვალოთ უკეთესობისკენ“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერმა პარტიულ საქმიანობაში ახალგაზრდების ჩართულობას გაუსვა ხაზი და პარტიის ადგილობრივ ლიდერებს მოუწოდა, მაქსიმალური დიალოგი ჰქონდეთ სწორედ ახალგაზრდებთან.
“ჩვენი პარტიის რიგებში ბევრი ახალგაზრდაა და ეს ძალიან სასიხარულოა. ვისურვებდი, კიდევ უფრო მეტი მოტივირებული და ენერგიული ახალგაზრდა შემოემატოს “ქართულ ოცნებას”, რაც ნამდვილად დიდი შენაძენი იქნება პარტიისთვის. მინდა, ადგილობრივ ლიდერებს ვთხოვო, მოვუწოდო, მაქსიმალურად გაშალონ დიალოგი ახალგაზრდობის წარმომადგენლებთან. ახალი ენერგია ყოველთვის საჭიროა, განსაკუთრებით, ისეთი არასტანდარტული და გაბედული გადაწყვეტილებების მიღების დროს, როგორიც ჩვენს ქვეყანას ნამდვილად სჭირდება. ასევე, იმ ადამიანებს, რომლებიც პირველივე დღიდან იდგნენ პარტია “ქართული ოცნების” რიგებში და ურთულეს პირობებში გადაიტანეს ბრძოლის ყველაზე რთული ეტაპი, მინდა, კიდევ ერთხრელ დიდი მოწიწებით და ქედის მოხრით დიდი მადლობა გადავუხადო. ისინი არიან ჩვენი პარტიის, ჩვენი გუნდის ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული წევრები და რა თქმა უნდა, ასეთებად დარჩებიან“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.